10-ივნისს, მესტიის II საჯარო სკოლაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პირველად პრევენციაზე მიმართული კონკურსი ჩაატარეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის. კონკურსში I ადგილზე გავიდა VIII კლასის მოსწავლე ნინო კახბერიძე, რომელმაც შესაბამის თემატიკაზე ლექსი დაწერა და რეპის სახით წარმოადგინა. ის ნოუთბუქით დაჯილდოვდა, II ადგილზე გავიდა გერასიმე ფირცხელანი, III ადგილზე ქრისტინე გვარლიანი, ხოლო IV ადგილი დაიკავა ელენე გვარლიანმა.
აღნიშნული კონკურში ჩატარდა საინფორმაციო კამპანიის “ცხოვრება უკეთესია” ფარგლებში სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს და ა.შ.შ.-ს საელჩოს მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. როგორც ჩვენთან საუბარში მესტიის № 2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნატო გვარლიანმა განაცხადა, ეს სკოლა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში შემთხვევითობის პრინციპით იქნა შერჩეული.
მოზარდებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს კონკურსის ფარგლებში შემუშავებული შემოქმედებითი ნამუშევრები შესაბამის თემატიკაზე. კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს დაურიგეს საინფორმაციო ბროშურები, რომლებშიც აღწერილია ფსიქოაქტიური ნივთიერების ავადმოხმარების რისკები და საფრთხეები. დასასრულს, სკოლის სტადიონზე გაიმართა სხვადასხვა სპორტული თამაშები.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.