10 ივნისს მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა. შეჯიბრს სამთო-სათხილამურო კურორტმა “თეთნულდმა” უმასპინძლა.
ბორის კახიანი იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი სათხილამურო სპორტში 1967 წლიდან, საერთაშორისო შეჯიბრებების, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებული. ის, 35 წლის ასაკში, თავის მძღოლთან ერთად დაუდგენელ ვითარებაში დაიკარგა და დაღუპულად გამოცხადდა. ბორის კახიანს “სვანური ლეგენდა” შეარქვეს არამარტო სპორტული მიღწევების გამო. მან საოცრად ბევრი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწრო. ბოლოს ის მესტიის რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი იყო. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ზემო სვანეთში დაიგო ასფალტირებული გზა, გაყვანილ იქნა მაღალი ძაბვის ხაზები, უშგულში დაიდგა ტელეანძა, აშენდა სპორტულ-ახალგაზრდული კომპლექსები, კლუბები და ცენტრები. მათ შორის ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-კომპლექსი, თბილისში აშენდა სვანური კოშკები, მისი ინიციატივით სვანეთიდან ჩამოსულმა 300-მა ახალგაზრდამ მონაწილება მიიღო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამწვარი შენობის აღდგენაში … და კიდევ მრავალი სვანეთისთვის და ზოგადად ჩვენი ერისთვის სასარგებლო საქმე გააკეთა მან, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. სწორედ ასეთ გამორჩეულ ადამიანს ასეთი გამორჩეული დღის მიძღვნა შეეფერება სწორედ. ზაფხულის თვეში, ივნისში სათხილამურო ტურნირის ჩატარება მის სახელზე, სადაც სვანეთის გუნდი იმარჯვებს, ამითაც ალბათ ბორის კახიანი გაიხარებდა ყველაზე მეტად.
კურორტი “თეთნულდი” მოინახულეს და ბორის კახიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, პარლამენტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მადონა წერედიანი.