სულის კელაპტარი – მამა იოსები

ერთი წელია, რაც ჩვენს გვერდით აღარ არის დეკანოზი იოსებ ნიგურიანი, რომელმაც ბევრი რამ გაუკეთა ქვემო სვანეთს. ლოცვა–კურთხევით მან შემოაბიჯა ლენტეხის სულიერ ცხოვრებაში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საეკლესიო ლიტურგია არ აღევლინებოდა ქვემო სვანეთის არც ერთ ტაძარში…

ლოცვაზე, რომელსაც იგი აღავლენდა ხუთიოდე კაცი თუ იდგა ხოლმე. იყო სულიერი ბრძოლების დიდი ქარტეხილები და ამ ყველაფერს იგი დიდი სიყვარულით პასუხობდა. იყო მომთმენი, სიკეთით სავსე და საოცრად ვაჟკაცური პიროვნება. დიდი სიყვარულით მან მოინადირა ლენტეხელების გულები და წარუშლელი კვალი დატოვა მათში. მე თუ მკითხავთ, ღვთისმიერი სასწაულებით სავსე იყო მისი ცხოვრება და ამ სასწაულის ნაწილი იყო სავსე ეკლესია მისი მრევლით, რომელთათვისაც გამაერთიანებელი ჯაჭვი თვით მამა იოსები იყო.
მამა იოსებ ნიგურიანი დაიბადა 1964 წლის 26 ოქტომბერს მესტიის რაიონში, ის იყო ეთერი ჯაფარიძისა და ზურაბ ნიგურიანის ნანატრი შვილი. მას ჰყავდა 5 დედმამიშვილი: გიორგი, სპარტაკი, მანანა, მარინა და ნატო. სამწუხაროდ სპარტაკი ადრეულ ასაკში 27 წლის გარდაიცვალა.
ირაკლი ნიგურიანმა წარჩინებით დაამთავრა მესტიის მ.ხერგიანის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ტექნიკურ ინსტიტუტში – ენერგეტიკის ფაკულტეტზე. ის ძლიერი იყო ტექნიკურ საგნებში. წარმატებული იყო სპორტშიც. კარგად თამაშობდა ფეხბურთს, რის გამოც ახლობლები მას ,,ჩელეს” ეძახდნენ. ასევე საკმაოდ კარგად სრიალებდა თხილამურებით.
მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, მისი ბიოგრაფია საკმაოდ ტევადია. მისი პიროვნების უკეთ გასაცნობად და გასახსენებლად ჩვენ გავესაუბრეთ მის მეუღლეს ნათია ფარჯიანს.
― ნათია, როგორი იყო საერო გზა, რომელიც მამა იოსებმა განვლო ვიდრე სასულიერო პირი გახდებოდა?
― ინსტიტუტის დმთავრების შემდეგ, მამა იოსები ანუ მაშინ ირაკლი დაბრუნდა მშობლიურ მხარეში მესტიაში, სადაც მუშაობა დაიწყო საპროექტოში, იყო მთავარი ინჟინერი, მერე მუშაობდა საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს დირექტორად. მანვე გახსნა პირველი კოოპერატივი სახელწოდებით ,,სინათლე”. მესტიის მოსახლეობამ ის დაასახელა პრეფექტობის კანდიდატად, იგი არასოდეს ყოფილა კარიერისთვის მებრძოლი და არც მე ვიყავი კარიერით გატაცებული, უბრალოდ ახალგაზდობას სურდა იგი მათი პრეფექტი ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა ,,მე არასოდეს არ მქონდა სურვილი განდიდების და როცა გამსახურდიამ სხვა დანიშნა პრეფექტად, ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა”–ო ამბობდა მამა იოსები, რადგან უფალმა ამარიდაო ყოველივეს. შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა, ირაკლი დაენიშნათ უშიშროების უფროსად. მაგრამ ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი” ეს იყო ის 1995 წელი, როდესაც ირაკლი გახდა ეკლესიის მრევლი.
― ასეთი საერო წარმატებების შემდეგ, როგორ მოხდა სასულიერო ცხოვრებაში მისი შესვლა?
― 1995 წელს მესტიის ,,მოლჯგრაგის” წარმომადგენლებმა (ეს იყო ოთხი გვარის წევრებისაგან შემდგარი ჯგუფი: ნიგურიანები, ფალიანები, მჭედლიანები, გვარლიანები) გადაწყვიტეს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესათვის მიემართათ თხოვნით, დახმარებოდათ ეკლესიის სიწმინდეების მუზეუმიდან ტაძარში დაბრუნებაში. უწმინდესთან გაგზავნეს მამა გიორგი ჩართოლანი და ირაკლი ნიგურიანი. უწმინდესმა ჩვეული სითბოთი მიიღო სვანეთიდან სტუმრები და თან ირაკლისთვის თვალი არ მოუშორებია. მაშინ ამ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერი გადაწყდა, მაგრამ მეორე დღეს წირვაზე მისული ირაკლი პატრიარქმა მოიხმო და საკურთხეველში თავისი ხელით გადააცვა სტიქარი. ეს ძალზედ მოულოდნელი რამ იყო ირაკლისათვის და თან სასიხარულო. ,,იმ წუთში მე ჩემ თავს არ ვეკუთვნოდი, ვერ აღვწერ ისეთი მადლი შემოვიდა ჩემში. იმ დღეს პატრიარქის ხელბანვაშიც მივიღე მონაწილეობა. ამ სიხარულს ვერც გული და ვერც გონება იტევდა” – ამბობდა შემდეგში მამა იოსები. ამან ყოველივემ განაპირობა ირაკლის სულიერი ცხოვრების გაძლიერება.
1996 წლის 19 აგვისტოს ირაკლი აკურთხეს დიაკვნად, 19 დეკემბერს კი ეპისკოპოსმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მღვდლად დაასხა ხელი და სახელად უწოდა მამა იოსები. ხელდასხმის შემდეგ ტრაპეზი გავშალეთ. მეუფემ სადღეგრძელოში ბრძანა –– დღეიდან ირაკლის მამა იოსებით უნდა მიმართოთ: მშობლებმა, ცოლ–შვილმა და ყველამო. მამა იოსებს მამამისმა ყურში ჩასჩურჩულა –,,მამაა ლადეღ, მიი მამა ჯექვაია ათხენღო? (მამას დღე მოგმატებოდეს, მეც მამა დაგიძახოო ამის შემდეგ?),,––მამა იოსებმა ეს ხმამაღლა თქვა სუფრაზე და ამას ბევრი სიცილი მოჰყვა.
― მესტიიდან ლენტეხში როგორ მოხვდით?
― 2000 წლამდე მამა იოსები მოღვაწეობდა მესტიაში. ეს ისეთი რთული პერიოდი იყო, როდესაც ე.წ. სტაროსტები მღვდლებს ტაძრის კარებს არ უღებდნენ. მამა იოსებმა იცოდა მათთან მიდგომა, სადაც მღვდლობა არ ჭრიდა, იქ სვანურ ადათ–წესებს ახსენებდა ხოლმე.
მალე მამა იოსები ცაგერში გადმოიყვანეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. ამ დროისათვის ზემო და ქვემო სვანეთი და ცაგერი ერთი ეპარქია იყო.
2002 წლიდან ცაგერი და ლენტეხი გამოეყო ზემო სვანეთის ეპარქიას და ჩვენს მღვდელთმთავრად გამორჩეულ იქნა მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი). სწორედ მეუფის კურხევით დაინიშნა მამა იოსები მთელი ქვემო სვანეთის მღვდელმსახურად.
― თქვენ, როგორც მამა იოსების მეუღლე და უახლოესი ადამიანი, რას იტყოდით მასზე?
― მე მისი მეუღლე გავხდი 1995 წლის 23 ივლისს. მახსოვს ჩვენს ჯვრისწერაზე დედები გალობდნენ – ეხლაც ჩამესმის მამა გიორგი ჩართოლანის ბარიტონით ნათქვამი ლოცვა, რომელიც ძალიან საამური იყო. ისეთი ბედნიერი იყო ყველა ჩვენი ბედნიერების დღეზე – ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.
1996-ში გაჩნდა ჩვენი პირველი შვილი ნინო, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა მამა იოსებს, ამბობდა: – 10 შვილი რომ მომცა მაინც არ გავცვლი ჩემს ნინის.
გზა რომელიც მამა იოსებმა განვლო იყო ქარტეხილებით სავსე, მაგრამ თვითონ ყოველთვის უფალს იყო მინდობილი. იყო სვანეთზე უზომოდ შეყვარებული, მრავალი შემოთავაზება ჰქონდა ქალაქში გადასვლის თაობაზე, მაგრამ სვანურ მთებს და ზეცას ვერ ელეოდა. ყველა სვანური ადათ-წესი, გალობები თუ ტრადიციები ძირეულად ჰქონდა გამოკვლეული. მან 5 ანგელოზი დამიტოვა და დღესაც ყველგან დამყვება მამა იოსების მადლი. მამა იოსები ჩემთვის მხოლოდ მეუღლე კი არ იყო, იგი ჩემი სულიერი მოღვარიც იყო, სულიერი მამა, ცხოვრების გზამკვლევი და მეგობარი. მან სხვა სულიერი სამყარო დამანახა, ამიხილა სულიერი თვალი. მამა იოსებმა მე გამომაწრთო, მან ყველა დაბრკოლება და სიძნელე დამაძლევინა და ის სულიერი კავშირი, რომლის შესახებაც ხშირად ქადაგებდა, დღესაც გრძელდება. მისი სულის ნათელი დღესაც მაძლებინებს და მაძლიერებს ჩემი ცხოვრების ორომტრიალში. ასე მგონია ყველას გვმფარველობს, მის მრევლს. მისი ღიმილიანი სახე რომ მახსენდება – რა სახითაც გადავიდა მარადისობაში – სულიერი სიმშვიდე მეუფლება.
,,მთავარია იქ არ უნდა დაგვაშოროს უფალმა ერთმანეთს, აქ, ამ წუთისოფელში დაშორება მართალია ძნელია, მაგრამ ჩვენ აქ ლტოლვილები ვართ და ჩვენი სახლი კი ზეცაშია”– ხშირად ქადაგებდა მამა იოსები. დაგვლოცე მთელი ზემო და ქვემო სვანეთი და მთლიანად საქართველო – მამა იოსებ, ამინ!

მამა იოსებს
შენ ჩემში შემოიტანე სულის სიმშვიდე,
სული უმანკო და მშვენიერი,
სული სიმხნევისა–სიძლიერის
და სათნოების იერით.

სული ბობოქარი ტალღასავით,
სული შმაგი და ძლიერი,
სული რწმენისა და სიყვარულის,
გამობრძმედილი ცეცხლისმიერი.

სული ყოვლისშემძლე , ყოვლადბრძენი,
სული ყველგანმყოფი–ხანაც სუსტი,
სული მოკვდავ ხორცში ჩაკეტილი,
სული უკვდავი და ღვთისმიერი.

სული მარტოობის ქარიშხალში
მოხეტიალე და მარტო მყოფი
სული მშფოთვარეა უშენობით,
სული სულს დაეძებს მონატრებით.

/ნათია ფარჯიანი/