3 აგვისტოს, დაბა ლენტეხში, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსმა დავით მამუკელაშვილმა. მან ისაუბრა ახალი სამთავრობო პროგრამის “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ შესახებ:
შეხვედრას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გაბო ბაბლუანი, პროგრამის კოორდინატორი ლენტეხის მუნიციპალიტეტში დავით სვანიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლენტეხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები და გამგეობის სხვა თანამდებობების პირები. შეხვედრაზე ასვე იმყოფებოდა ქვემო სვანეთში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რამდენიმე წევრი.
ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, იგეგმება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად და სწორად გამოყენება, რამაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.
ამ მიზნით, იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა იქნება არანაკლებ 11 მეპაიე და კოოპერატივის მფლობელობაში იქნება არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.
კოოპერატივებს ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 0,5 და არაუმეტეს 2 ჰექტარი სათიბი გადაეცემათ, ხოლო საძოვრის ფართობი – ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 ჰექტარი.
ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება მხოლოდ ერთი განაცხადი.
პროგრამაში ჩაერთვებიან 29 მუნიციპალიტეტის – ლენტეხის, მესტიის, ცაგერის, წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ხულოს – ის დასახლებები, რომლებზედაც „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება ვრცელდება.
დავით მამუკელაშვილმა ამ კონკრეტული პროგრამის გარდა ისაუბრა ზოგადად კოოპერაციის მნიშვნელობაზე, სააგენტოს მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე პასუხი გასცა დამსწრეთა შეკითხვებს. იყო კამათიც, შეხვედრის მსვლელობისას რამდენჯერმე გახდა საჭირო მოწოდება სიჩუმისაკენ და გამომსვლელის მოსმენისაკენ. სამწუხაროდ, ზოგიერთი დამსწრეთაგანი კამათით უფრო მეტად იყო დაკავებული, ვიდრე მოსმენით.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ დავით მამუკელაშვილს:
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი.