მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი”-ს (CENN) მიერ გამოცხადებულ კოლხური ბზის გადარჩენის კამპანიაში.
ჩვენ ვესაუბრეთ ფარის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ხელმძღვანელს ეკა წულუკიძეს:
– ქალბატონო ეკა, მოგვიყევით ეკო კლუბის შექმნის ისტორია და მოგვაწოდეთ ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.
– ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბი “Green space” ჩამოყალიბდა პროექტის “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2017 -ის“ ფარგლებში.
კლუბის მიზანია, მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება და განახორციელოს პროექტები ადგილობრივი თემისა და საზოგადოების სასარგებლოდ.
პროექტი “ნიკო კეცხოველის პრემია” ყოველ წელს სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს სთავაზობს მასში ჩართულ სკოლებს, სწორედ ამ აქტივობების განხორციელებით, სკოლები აგროვებენ ქულებს და კონკურსის დასასრულს გამოვლინდება გამარჯვებულები ჯერ ნახევარფინალურ, შემდეგ ფინალურ ტურში.
წელს “ნიკო კეცხოველის პრემია 2018-ის” თემაა, “აღმოაჩინე საქართველო“, რაც გულისხმობს საკუთარი თემის ტურისტული პოტენციალის შესწავლას, საქართველოს ულამაზესი კუთხეების გაცნობას, ლაშქრობების მოწყობას დ ა.შ. პარალელურად გვთავაზობს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას, როგორიცაა კვლევა, სახელმწიფო უწყებების ჩართულობა, პრობლემის იდენტიფიცირება და მისი მოგვარების გზების ძიება, დასუფთავების აქციებს და სხვა.
– ქალბატონო ეკა, როგორც ვიცით, ეკო კლუბი აქტიურად არის ჩართული კოლხური ბზის გადარჩენის კამპანიაში, ხომ ვერ გვეტყოდით რას გულისხმობს ეს კამპანია და როგორ არის თქვენი ეკო კლუბი მასში ჩართული?
– როგორც ცნობილია, კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა – სოკოვანმა დაავადებამ (პათოგენური სოკო Cylindrocladium Buxicola), რომელიც “ბზის სიდამწვრის’’ სახელითაა ცნობილი, 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები გაანადგურა. კოლხური ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე, რაც უდიდესი დანაკლისია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს ფაქტი სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შეფასდა, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა.
სწორედ ამ ფონზე, კოლხური ბზის გადასარჩენად ორგანიზიამ “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი”(CENN ), წამოიწყო კამპანია – “საკუთარი კალმებით მოაწერე ხელი ბზის გადარჩენას“
ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო ჩვენი ეკო კლუბიც, მნიშვნელოვანია ის ფატი, რომ ჩვენ სოფელში, ფარში არის ასწლოვანი კოლხური ბზის კორომი.
ჩვენ ვიცოდით, რომ სოფელში, ნატაძრალზე ხარობდა ბზა, მაგრამ კონკრეტულად რომელ სახეობასთან გვქონდა საქმე არ ვიცოდით, ამიტომ ჩვენ ეს ინფორმაცია გავაშუქეთ ინტერნეტგამოცემაში “ეკოფაქტი”. ამ მედია-ორგანიზაციის საშუალებით ვთხოვეთ კომპეტენტურ პირებს დაგვხმარებოდნენ სახეობის დადგენაში. შედეგად გვქონდა გამოხმაურებები და დადგინდა რომ ეს ნამდვილად იყო კოლხური ბზა.
სწორედ ამის შემდეგ, ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახა ჟორჟოლიანს, ვთხოვეთ შუამდგომლობა სათანადო უწყებებთან, რომ ამ ტერიტორიას მიენიჭოს ბუნებრივი ძეგლის სტატუსი, ბატონი კახა დაგვპპირდა დახმარებას ამ იდეის რეალიზებაში.
ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა ბზის გამრავლების ტექნიკა, რომ შემდგომში ჩვენც შევძლოთ მისი დაკალმება და კალმების გადარგვის გზით ხელი შევუწყოთ ბზის გამრავლებას.
ეს იდეა ასევე გავუზიარეთ ბატონ კახა ჟორჟოლიანს, გავუმხილეთ ჩვენი სურვილი, რომ გვინდოდა ამ მიზნით ვწვეოდით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხში არსებულ კოლხური ბზის სანერგე მეურნეობას და დაკალმების სათბურს. ბატონმა კახამ უზრუნველყო ჩვენი რუხის სათბურში ტრანსპორტირების ხარჯი, ხოლო ჩვენმა მასპინძელმა ბატონმა რევაზ ჯალაღონიამ დეტალურად აგვიხსნა ბზის დაკალმების ტექნოლოგია, მისი გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები და დაგვათვალიერებინა უკვე დაკალმებული ნიმუშები.
ამ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ, დავაკალმოთ რამდენიმე ასეული ბზის ტოტი, რომელიც გადასარგავად გაზაფხულზე იქნება მზად.
– წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ეკა თქვენ და კოლხური ბზის პატარა მცველებს !
– დიდი მადლობა.
ფოტოზე: ეკო-კლუბის წევრები რუხის მეურნეობაში რევაზ ჯალაღონიასთან ერთად.
მადონა წერედიანი.