წელს ჩოლურის ჭიდაობის სექციაში დიდი სიახლეებია. აქ მუშაობა დაიწყო ახალგაზრდა მწვრთნელმა დათო (ჯეკი) ჯამბურიძემ, სექციას კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.(ა).ი.პ.-მა “სასპორტო სკოლების გაერთიანება”-მ ზაქრო ხვისტანის ხელმძღვანელობით 20 ტატამი (საჭიდაო ლეიბი) გადასცა. დათო ჯამბურიძემ სექციაში ახალი მოსწავლეების მოზიდვაც მოახერხა.
ახალგაზრდა, პერსპექტიული მწვრთნელის, დათო ჯამბურიძის დასაქმებას დაინტერესებული მშობლები დიდი ხანია ითხოვდნენ, შეაგროვეს ხელმოწერებიც და განცხადებით მიმართეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას. შედეგად, წელს, მარტის თვიდან, დათო ჯამბურიძე ძიუდოს ასწავლის ჩოლურელ ბავშვებს.
ჩოლურის საჯარო სკოლაში ჭიდაობის დარბაზი მანამდეც არსებობდა, მაგრამ საჭიდაო ლეიბები დაძველებული და მწყობრიდან გამოსული იყო. მათ განადგურებას ხელი შეუწყო დარბაზის იატაკში გაჩენილმა სოკომ და სინესტემ. ახალგაზრდა მწვრთნელმა ჩოლურის საჯარო სკოლაში, დირექტორის ნავრეზ შავრეშიანის ხელშეწყობით, სხვა შესაფერისი ფართის ოთახი გამონახა, რომელიც მანამდე საკუჭნაოდ გამოიყენებოდა, მოსწავლეების დახმარებით დაასუფთავა იგი, თავისი ხელით და ხარჯებით გაარემონტა, საჭიდაო ლეიბები იქ დააგეს და ახალი სავარჯიშო დარბაზიც მიიღეს.
დათო ჯამბურიძე კვირაში სამჯერ ატარებს ვარჯიშს. აღსანიშნავია, რომ მის აღსაზრდელთა შორის არის ერთი სპორტსმენი გოგონაც. ახლა მოჭიდავეები ისვენებენ და სექტემბრიდან განაახლებენ ვარჯიშს.
პირველმა წარმატებებმაც არ დააყოვნეს, 10 მაისს დაბა ლენტეხში გამართულ გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტურნირში ქართულ ჭიდაობაში, ჩოლურის ჭიდაობის სექციის მოსწავლემ ლუკა ბენდელიანმა პირველი ადგილი დაიკავა, მე-2 ადგილზე გავიდნენ გიგლა და მოსე ბენდელიანები, გაგა ზურაბიანი, მე-3 ადგილზე – ვანო ბენდელიანი, თემურ ზურაბიანი, ზურაბ მუკბანიანი.
ფოტოზე: მარცხნიდან მეორე დათო ჯამბურიძე შეგირდებთან ერთად
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. თეკალი.