ლენტეხში სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი დაანგრიეს და ახალს აშენებენ

გასულ კვირაში დაბა ლენტეხში სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის სრული დემონტაჟი მოხდა. გადავწყვიტეთ გაგვერკვია რამდენად იყო ინფორმირებული დაბა ლენტეხის მოსახლეობა ამის შესახებ. ვეკითხებოდით ნებისმიერ შემხვედრს (ინიციალები შეცვლილია):


რატომ დაანგრიეს სამამულო ომის მონაწილეთა ხსოვნის მემორიალი?
ა.ი.- არ ვიცი, პოლიტიკაში არ ვერევი.
ბ.დ.- უი, არ ვიცი, ჩემი სირცხვილი, როდის დაანგრიეს? ჩემ პრობლემებში ისე ვარ ჩაფლული ვერაფერს ვგებულობ ლენტეხში რა ხდება.
ჭ.ტ.- არ ვიცი, დედაჩემმა მითხრა წინა დღეს დაანგრიესო, წინასწარ რომ გვცოდნოდა ბაბუას სურათს გამოვიტანდითო.
კ.რ.- არ ვიცი, ახლა გავიგე პირველად.
ღ.დ.- არ ვიცი, მერე სურათებს რა უყვეს? ბაბუაჩემის სურათი იყო იქ გაკრული.
ო.რ.- დილარი აშენებსო ახალ მემორიალს.
გ.ჯ. – ალბათ ახალს გააკეთებენ
ჰ.მ.- არ ვიცი, თქვენგან გავიგე ახლა, ჩემს საქმეებზე დავდივარ და ვერაფერს ვაკვირდები სამწუხაროდ, რატომ დაანგრიეს? მთლიანად დაანგრიეს? ეს მთავრობამ გადაწყვიტა? იმაზე კარგს რას გააკეთებენ, ის ძველი იყო და კარგად ნაშენი. იმ ყველაფერ სურათებს აღადგენენ? უძველეს ეკლესიებს არემონტებენ და იმის გარემონტება არ შეიძლებოდა? ვიღაცას აწყობდა და იმიტომაც დაანგრიეს. ჩემი აზრით ვეტერანების ოჯახებისთვის უნდა ეკითხათ.

იცოდით რომ ვეტერანთა ხსოვნის მემორიალი უნდა დანგრეულიყო?
ნ.ა. – მე ვინ შემითანხმებდა, არ ვიცოდი. სურათები როგორ გაანადგურეს. ვიცოდი რომ უნდა გარემონტებულიყო. პროექტი არ მინახავს, კი მაინტერესებდა, მაგრამ რომ მომეკითხა, მომერიდა, მერე ის რომ არ ეთქვათ, რას ზედმეტობსო.
გ.ჯ. – აზრზე არ ვიყავი

როგორც ჩვენთან საუბარში ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან ლიპარტელიანმა განაცხადა, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა პროექტის სანახავად თურმე მის სამსახურს უნდა მიაკითხონ ან სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე ლენტეხის გამგეობის მიერ ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციას გაეცნონ :

ჩვენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზოგიერთი თანამშრომელიც გამოვკითხეთ. ისინი ელოდნენ, რომ მემორიალი უნდა გარემონტებულიყო, მაგრამ სრული დემონტაჟი თუ იყო დაგეგმილი არ იცოდნენ. გამოკითხულთაგან არავის პროექტი არ უნახავს.

ჩვენ გავეცანით სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ლენტეხის გამგეობის მიერ განთავსებულ სატენდერო დოკუმენტაციას და გადმოვწერეთ მემორიალის ახალი პროექტი:

პედეეფიდან
მემორიალის ახალი პროექტი

იგივე დოკუმენტაციში არის მოცემული უკვე დანგრეული მემორიალის ფოტოებიც, რომლებზევ ჩანს რომ მემორიალის ფასადი დაზიანებულია, მაგრამ არ ჩანს ისეთი დაზიანებები, რომლებიც მემორიალის სრულად დანგრევის აუცილებლობაზე მიგვანიშნებდა:

მემორიალის ფოტო შესყიდვების გვერდიდან 2

მემორიალის ფოტო შესყიდვების გვერდიდან 1

გამგეობის მიერ ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციაში არსად არ არის ნახსენები სამამულო ომის ვეტერანთა ფოტოების მოხსნა-შენახვა, თუმცა ჩვენთან საუბარში მშენებლებმა განაცხადეს, რომ სანამ ისინი მემორიალის დემონტაჟს მოახდენდნენ, მათ სათუთად ჩამოხსნეს ვეტერანთა ფოტოები, შენახული აქვთ ისინი და სავარაუდოდ ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცემენ. ახალი მემორიალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულია შპს “გია კონსტრაქშენ” (დირექტორი ზაზა მუსელიანი).

ქალაქ ცაგერში არსებული, სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ძალიან ჰგავს ლენტეხში ადრე არსებულ და აწ უკვე დანგრეულ მემორიალს. ის პირვანდელი სახით არის აღდგენილ-შენარჩუნებული და არა მგონია მნახველში დაღუპული გმირების მიმართ ნაკლებ მოწიწებას იწვევდეს:

20160821_100740

ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი.