ლატალის თემის მცხოვრებნი საბავშვო ბაღისთვის შენობის აშენებას ითხოვენ

ლატალის თემში  საკმაოდ  დიდი ხანია საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, დაზიანებულია საყრდენი ბოძი, შენობაზე შიგნიდან სოკოა მოდებული, საძირკველი დაზიანებული და დანესტიანებულია. ბაღის აღსაზრდელების მშობლების თქმით, იქ ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის. ამასთან დაკავშირებით მათ რამდენჯერმე მიმართეს მუნიციპალიტეტის გამგებელს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.

ბაღებში სასწავლო წლის  დაწყებამდე ერთი თვეზე ნაკლები  დარჩა, მშობლები კი გამოსავალს ვერ ხედავენ.
ჩვენ ვესაუბრეთ აღნიშნული ბაღის აღსაზრდელების მშობელს ეკა უდესიანს, ის საჯარო სკოლის პედაგოგია, მეუღლეც საჯარო სამსახურში მუშაობს, სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ  და ალბათ ლოგიკურია მისი შეშფოთება ამ საკითხის გამო. აი რა განაცხადა მან:

” შენობა რომ უვარგისია ამას არავინ უარყოფს და  ეს გეოლოგმაც დაადასტურა, მთავრობისგან იყო შეთავაზება ლატალის საჯარო სკოლის შენობაში მოეთავსებინათ ბაღი, თუმცა განათლების სამინისტრომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ორი თვის წინ მშობლებმა მივმართეთ პეტიციის ფორმას, შევაგროვეთ ორასზე მეტი მაცხოვრებლის ხელმოწერა იმ მოთხოვნით, რომ ლატალის თემში,  რომელსაც ჰყავს 50 -მდე სკოლამდელი აღსაზრდელი, აუცილებელია იყოს ნორმალური  ბაღის შენობა. ამ ხელმოწერილი განცხადებით მივმართეთ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანს, 6 მშობელი შევხვდით, შეგვპირდა ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებო. როგორც შემდეგ გამგებელმა გვითხრა, ეს განცხადება გაგზავნილია ცენტრალურ მთავრობაში, თუმცა მას მერე გავიდა ორი თვე და პასუხი არ მიგვიღია. ეს ბაღი არის ერთ-ერთი წარმატებული ბაღი, აქ დასაქმებული პერსონალი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, შედეგებით და ასეთ უყურადღებობას არავინ ვიმსახურებთ.”

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი ა.(ა).ი.პ.-ის “მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება”-ს დირექტორს მაია ხერგიანს:

– ქალბატონო მაია, ადასტურებთ, რომ ლატალის საბავშვო ბაღის შენობა ავარიულია?
– დიახ, კი ბატონო. შენობის ნახევარი არის გარემოტებული, მაგრამ მიუხედავად ამისა იმ მეორე ნაწილმა, რომელიც სარემონტო იყო და ავარიული, გამოიწვია ის რომ სოკო გაჩნდა და გადმოდის ნელ-ნელა ვარგის და გარემონტებულ ნაწილში. ამიტომ ჩვენ გასულ ზამთარს საბავშვო ბაღისთვის ფართის ქირაობა დაგვჭირდა, კერძო სახლი ვიქირავეთ და ახლაც ვეძებთ გზებს და საშუალებებს, თუ სად მოვათავსოთ ეს ბაღი. არქიტექტორების ჯგუფი იყო მოწვეული მუნიციპალიტეტის მიერ და დაიდო დასკვნა, რომ ეს შენობა რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება და ახალი არის ასაშენებელი.

როდის დაიდო დასკვნა ?
– დასკვნა დაიდო 2013 წელს. ყველა ბაღი შემოიარეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით, მან ჩამოიყვანა ეს ჯგუფი, არა მარტო ეს ბაღი, სხვა ბაღების შენობებიც არის ავარიული, სამწუხაროდ, სულ 21 ბაღია და აქედან 16 შენობა უნდა აშენებულიყო ხელახლა. გამგეობის მიერ შესყიდულ იქნა პროექტები, მაგრამ თექვსმეტივეს თანხა არ გამოუყვეს მესტიის მუნიციპალიტეტს და ახლა 5 შენდება, ხოლო დანარჩენ ბაღებზე ველოდებით დიდი იმედით თანხებს და მშენებლობების დაწყებას. გამგეობიდან დაყენებულია საკითხი სათანადო ორგანოების წინაშე, სადაც მათ შეუძლიათ და სადაც წესით და რიგით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, როგორც კი მათ გამოეყოფათ თანხა ცენტრალური ხელისუფლებიდან, აშენდება სხვა შენობებიც. უყურადღებოდ არცერთი ბაღი არ დარჩება, რა თქმა უნდა სასურველია ყველა ბაღი  თანამედროვე სტანდარტულ შენობაში იყოს, ჩვენ ამაზე ვოცნებობთ და ვზრუნავთ, მაგრამ ახლა ასეთი სიტუაცია გვაქვს.

 – 5 ბაღი სად შენდება?
– ბაღები შენდება: ნაკრას, ლენჯერის, ფარის, ეცერის თემებში, სოფ. ყარ-სგურიშში. თუმცა ფარში არ იყო ბაღი საერთოდ და ახალი ბაღი შენდება იმიტომ, რომ ბავშვთა რაოდენობა არის დიდი და რა თქმა უნდა მოთხოვნა ყოველწლიურად იყო და ამიტომ გადაწყდა, რომ იქ აშენებულიყო. კიდევ ელოდებიან ორი ბაღისთვის თანხას, მაგრამ ახლა ვერ დაგიზუსტებთ, სექტემბერში გაირკვევა თუ რა სიახლე გვაქვს, ჯერ ნამდვილად არ ვიცი.

სწავლა სექტემბერში უნდა დაიწყოს, რაში ხედავთ გამოსავალს ?
– ბუნებრივია, ახლა დაწყებული მშენებლობა მაინც ვერ მოესწრება სექტემბერში, სასექტემბროდ ჩვენ ვემზადებით, ყველა პროცესი მიმდინარეობს, ჩვენს შესაძლებლობებში რაც არის. იქ სადაც ავარიულია შენობები, ისევ ქირით მოგვიწევს ფართის გამონახვა. დანარჩენი მე, სამწუხაროდ, სხვა არაფერი შემიძლია.

 – დაქირავებას რაიმე ხელს ხომ არ შეუშლის ?
– დაქირავებას ხელს არაფერი შეუშლის, ხელს უშლის ხოლმე ის, რომ სოფლებში სათანადო შენობების გამონახვა ჭირს, მაგრამ ლატალში მოვახერხებთ. ბუნებრივია, პერსონალსაც, მშობლებსაც უნდათ უკეთესი შენობა, ახალი შენობა. ლატალში კონტიგენტი არის, ბავშვთა რაოდენობა დიდია და ეს ბაღი უყურადღებოდ ვერანაირად დარჩება. ახლა ბაღის შენობას ისევ გადავხედავთ, მაგრამ ახალი რა იქნება? ისეც არ იყო მდგომარეობა, რომ ვერაფრით ვიმუშავებდით, მაგრამ სოკომ გაართულა სიტუაცია, არ ვიცი, ალბათ ისევ ქირით მოგვიწევს ბაღისთვის ფართის აღება.
ზამთრის პირობებში მაინც ვფრთხილობთ და ქირით გადავიყვანეთ,  ზაფხულის პირობებში იყო უსაფრთხო, რამდენჯერმე ჩავიდა ჯგუფი და დაათვალიერეს, ისეთი მდგომარეობა, რომ თავზე ჩამოენგრეთ და რაღაცა მოხდეს, საბედნიეროდ არ არის, მაგრამ ზამთარში მაინც ვერ ვიღებთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობას,  არქიტექტორთა ჯგუფის დასკვნა არის, რომ უნდა აშენდეს ახალი. და ცალკე რომ დაგვიწეროს ვინმემ, რომ უსაფრთხო არის თუ არა და შეიძლება შესვლა თუ არ შეიძლება, ასეთი დასკვნა ვერ მოგვცა ვერავინ. ბუნებრივია, იმ შენობაში ბაღის მუშაობა სასურველი არ არის.”

იმედი გვაქვს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა საბავშვო ბაღის აღსაზრდელების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას მაქსიმალურად გაითვალისწინებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სექტემბერში ლატალელმა მშობლებმა ბავშვები უსაფრთხო და სუფთა ბაღში მიიყვანონ.

 

საბავშვო ბაღი ლატალში

საბავშვო ბაღი ლატალში

საბავშვო ბაღი ლატალში

მადონა წერედიანი, ლატალის თემი.

ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი.