28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სოფელ უშგულთან, ზაგაროს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, იკურთხა წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. ტაძრის ქტიტორი გახლავთ სვანეთის მკვიდრი, თბილისში მცხოვრები ირაკლი გურჩიანი.
ირაკლი გურჩიანის სახელს უკავშირდება რამდენიმე ტაძრის მშენებლობა საქართველოში და მათ შორის სვანეთში. წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარი მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის (ქიტიაშვილი) ლოცვა-კურთხევით და სოფელ უშგულის მოძღვრის არქიმანდრიტ იონას (გელაშვილი) ხელმძღვანელობით და მონდომებით აშენდა.
განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა ამ ძნელად მისასვლელ ადგილზე ტაძრის მშენებლობა, სიძნელეებით სავსე იყო ის გზა რაც მამა იონამ გაიარა ტაძრის საძირკვლის ჩაყრიდან, ტაძრის კურთხევამდე, თუმცა მან ღვთის შეწევნით და დაუღალავი შრომით დაძლია ყველა დაბრკოლება და დღეს სვანეთს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთი მადლმოსილი ტაძარი შეემატა. ტაძრის კურთხევა შეასრულა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა. მეუფე ილარიონის ამ ეპარქიაში მოღვაწეობას შეიძლება ვუწოდოთ სულიერი და კულტურული აღმშენებლობის ხანა, უკვე მრავალი ახლადაშენებული ტაძარი იკურთხა მეუფის მონდომებით და ლოცვა-კურთხევით.
მადონა წერედიანი.