28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, სოფ. მუწდის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში დაიდგა ახალი კანკელი, რომელსაც ანდრო მუკბანიანი დაახლოებით 5 თვე კვეთდა ხეზე. კანკელის გამოცვლა მთლიანად დააფინანსა წარმოშობით მუწდელმა ნაირა ხაბულიანმა.
კანკელი ძვირფასი ხის მასალისგან, ამერიკული წითელი ხისაგან, მაჰაგონისაგან დამზადდა. ნაირა ხაბულიანისვე დაფინანსებით, ერთი წლის წინ იგივე ტაძრისთვის, იგივე მასალისგან ანდრო მუკბანიანმა დაამზადა ტაძრის კარები, რომელზეც მთავარანგელოზი მიქაელი და მთავარანგელოზი გაბრიელი გამოსახა.
მართალია ტაძარში მანამდეც არსებობდა რუსული სტილის კანკელი, თუმცა წლების განმავლობაში ის კრილისგან დაზიანდა, რამაც მისი გამოცვლის საჭიროება შექმნა. აპირებენ ამ ძველი კანკელის ისევ აწყობას და ცალკე მდგომ სამრეკლოში მოთავსებას.
მუწდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში ინახებოდა უძველესი ხატები, რომელთაც ასევე განადგურება ემუქრებოდათ. ნაირა ხაბულიანმა ხატები გააგზავნა რესტავრაციისათვის თბილისში და ყველა საჭირო ხარჯი თავად გაიღო.
28 აგვისტოს დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) საზეიმო წირვა სოფ. საყდრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა, ხოლო წირვის შემდეგ მუწდიში გაემგზავრა, სადაც სოფლის მცხოვრებლებთან ერთად რესტავრირებული ხატები ფეხით გადააბრძანეს ტაძარში. რის შემდეგაც მამა იაკობმა პარაკლისი გადაიხადა.
ამავე დღესვე მუწდიში აღინიშნა ხაბულიანობა. ჩოლურის თემში სოფელი მუწდი ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს (1400მ). ხაბულიანები სოფელ მუწდის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენდნენ. ცენტრალური გზიდან მუწდი სამი კილომეტრითაა დაშორებული (დაბა ლენტეხიდან 18კმ), გზაც შედარებით უკეთესია ვიდრე წლების უკან, მაგრამ სამწუხაროდ, მუწდი მრავალი სვანური სოფლების მსგავსად დაცარიელებულია და იქ მუდმივად მხოლოდ ერთი მოსახლე, ხვიჩა ხაბულიანი ცხოვრობს.
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. მუწდი.