ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიქსერი (Sven Mikser) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტს ეხმიანება, რომელიც 24 ნოემბერს დაიწყო ბრიუსელში. ესტონეთი 2017 წლის მეორე ნახევარში ევროპის კავშირს თავმჯდომარეობს. სვენ მიქსერის წერილში ხაზგასმულია ყველა ის საკვანძო საკითხი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროპის კავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში დგას.
გთავაზობთ სვენ მიქსერის წერილის სრულ ტექსტს:
“მართალია ესტონეთი თავისი 1,3 მილიონი მაცხოვრებლით ერთერთია ევროკავშირის წევრ ყველაზე პატარა ქვეყნებს შორის, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, ჩვენ ვმართავთ მთელი ევროკავშირის მოქმედებებს თავისი 500 მილიონზე მეტი მოსახლეობით და გავლენას ვახდენთ ამ უზარმაზარი ფორმაციის პრიორიტეტებზე.
ესტონეთისთვის და ჩვენი კარგი მეზობლებისთვის – ლატვიისა და ლიტვისთვის – უცვლელ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობის მხარდაჭერა და განვითარება. ამიტომაც, 2017 წლის მეორე ნახევარში, ესტონეთისთვისაც, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, ერთ-ერთი ბუნებრივი პრიორიტეტია აღმოსავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა და მათი მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა ევროპის კავშირთან.
გასათვალისწინებელია, რომ ევროპის კავშირის კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობა ნიშნავს ურთიერთობათა სტრუქტურას ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე 6 საახელმწიფოსთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან.
ურთიერთობების მხარდაჭერა და განვითარება – ეს მხოლოდ ლამაზი ფრაზა არ არის. ევროპის კავშირმა უკვე მიაღწია კარგ შედეგებს ურთიერთობებისთვის ღია აღმოსავლელ პარტნიორებთან – შედეგებს, რომელთაც მოაქვთ სარგებელი ამ ქვეყნების რიგითი მაცხოვრებლებისთვის.
ბევრი ადამიანისთვის, უდაოდ, უკიდურესად მნიშვნელოვანია შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა – ასეთი შესაძლებლობა დღეს უკვე ხელმისაწვდომია არა მხოლოდ მოლდოვას მოქალაქეებისთვის, არამედ – საქართველოსთვის და უკრაინისთვისაც.
ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ნაკლებად აქტუალური იყო საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლა, თუმცა, ესენი არის ყველაზე პროგრესული ხელშეკრულებები, რომელიც კი ოდესმე დადებულა ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის. მათი წყალობით, ეს პარტნიორები პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო დაუახლოვდნენ ევროპის კავშირს. ფორმულა მარტივია: პარტნიორები ღებულობენ ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას და ამის გამო მათ თანდათანობით ევროკავშირის შიდა ბაზრისკენ გზა ეხსნებათ. ხსენებული ხელშეკრულებების ძალაში შესვლა არ ნიშნავს თანამშრომლობის დამთავრებას, სწორედ რომ პირიქით. ახალი ვალდებულებები, კერძოდ, რეფორმების განხორციელება, პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს, ევროკავშირს სამომავლოდ დიდი დათმობები მოსთხოვონ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მიმდინარე წლის თებერვლიდან მოვინახულე აღმოსავლეთის პარტნიორობის თითქმის ყველა სახელმწიფო. ამიტომ მე შემიძლია დარწმუნებით ვისაუბრო იმის შესახებ, რომ ესტონეთს რეგიონში აქვს დიდი ნდობა, ჩვენი ძალისხმევა ტოვებს ღრმა კვალს, ხოლო ესტონეთის თავმჯდომარეობისას თანამშრომლობის განვითარების მხრივ პარტნიორების მოლოდინი მაღალი რჩება.
ბევრ აღმოსავლეთ პარტნიორს კვლავინდებურად სჯერა „ევროპული პროექტის“ და მისი გარდამქნელი ძალის, ესწრაფვიან რა მოგვბაძონ ჩვენ – ეს რწმენა მხარდასაჭერია. ჩვენ გვსურს, რომ ამ ქვეყნებში მოქმედებდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ადამიანის უფლებების პატივისმცემელი ხელისუფლებები, რომელნიც გაითვალისწინებენ საკუთარ ხალხს და არა კორუფციულ ინტერესებს.
ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება პარტნიორ სახელმწიფოებთან ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან, ჩვენს მეწარმეებს სურთ, რომ მათი ინვესტიციები დაცული იყოს და გათვალისწინებულ იქნას სამართლებრივი ნორმები. ამდენად, მომავალი პარტნიორობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ის მოქმედებები, რომელიც აძლიერებს ჩვენს საზოგადოებებს, მივცეთ რა მათ შესაძლებლობა ეფექტურად შეეწინააღმდეგონ დამღუპველ გარე თუ შიდა ზეწოლებს.
ესტონეთს, ევროპის კავშირის თავმჯდომარეობის განმავლობაში, აღმოსავლეთის პარტნიორობის განვითარების გზაზე ორი ფართო მიზანი ამოძრავებს: პირველ რიგში, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის პოლიტიკური ყურადღების გაძლიერებას პარტნიორობის მიმართ და მეორე – გააუმჯობესოს ეს პარტნიორობა თავმჯდომარეობის პერიოდში.
რამდენადაც, ევროკავშირის და მისი აღმოსავლელი პარტნიორების სახელშეკრულებო და ინსტიტუციონალურ ასპექტებში სიცხადე იკვეთება, ახლა ძირითადი ყურადღება ეთმობა თანამშრომლობის იმ პროექტებს, რომელნიც საგრძნობლად გააუმჯობესებს უბრალო ადამიანების ცხოვრებას.
უნდა ვაღიაროთ, რომ ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის მხრიდან სუბსიდირების მიუხედავად, ამ ქვეყნების რიგითი მოქალაქეები ევროკავშირის მიერ გახმოვანებული რეფორმების საჭიროებას და მასთან დაკავშირებული ცხოვრების დონის ამაღლებას შეიძლება ევროკავშირთან არც კი აკავშირებდნენ.
საქმის ასეთი ვითარება, ძირს უთხრის გარდაქმნების არა მხოლოდ სახალხო მხარდაჭერას, არამედ საზოგადოების ცხოვრების წესის იმ საერთო კურსს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. პრობლემას წარმოადგენს ასევე მოსახლეობის არასათანადო გათვიცნობიერებულობაც – ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაუმჯობესდეს.”
გამოყენებულია www.media.ge-ს და www.europa.eu-ს მასალები