მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს 60 წელი შეუსრულდა

22 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილს) შეუსრულდა 60-წელი, რომელიც საზეიმო წირვით აღინიშნა მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში. ამ საიუბილეო თარიღთან ერთად აღინიშნა მეუფე ილარიონის მღვდელმთავრად კურთხევიდან თხუთმეტი წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებით, მეუფე ილარიონის საპატივცემლოდ სვანეთში ჩამობრძანდნენ: ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).

მეუფე ილარიონი მღვდელმთავრად, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ, 2002 წლის 3 ნოემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში აკურთხა და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსად დაადგინა. მას შემდეგ მეუფე ილარიონმა ამ მძიმე და საპატიო ტვირთით მრავალი სასიკეთო და ღვთის სათნო საქმე აღასრულა. ასწლოვანი დუმილის შემდეგ, ზემო სვანეთის ყველა ეკლესია ამოქმედდა მეუფე ილარიონის ლოცვა კურთხევით და დაუღალავი შრომით. თხუთმეტი წელია მეუფე სიმართლით, ღვთაებრივი მოშურნეობით და ჭეშმარიტი ქრისტიანული სიმტკიცით მიუძღვის თავის სამწყსოს ღვთის გზაზე, თუმცა არ იყო იოლად გასავლელი ეს თხუთმეტი წელი. ალბათ დაბადებიდან სამოცი წლის განმავლობაში ყველაზე რთული, სწორედ ეს თხუთმეტი წელი იყო, რომელიც მესტიისა და ზემო სვანეთში გაატარა სულიერი და ფიზიკური შრომით და სწორედ ამიტომაცაა ორივე თარიღი, ჩვენი ეპარქიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

არ იყო იოლად გასავლელი ეს თხუთმეტი წელი, თუმცა დღეს მეუფე ილარიონის მოთმინების და სიყვარულის ნაყოფს ვიმკით, ამოქმედდა უძველესი ტაძრები, მეუფეს მაგალითზე და ღვთის განგებულებით მეუფის კურთხევით მრავლდებიან სასულიერო პირები, დაარსდა დედათა და მამათა მონასტრები, გაიხსნა გიმნაზია და სამრევლო სკოლები. მეუფე ილარიონის ლოცვა კურთხევის მადლი თვალხილულად ეტყობა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას. ეს ჩამონათვალი მცირედია მეუფე ილარიონის ღვაწლის აღსანიშნავად.

ქრისტესმიერი სიყვარულით და პატივისცემით ვუერთდები იმ საზეიმო განწყობას, რასაც მადლიერი სამწყსო ამ საპატიო თარიღების გამო გამოხატავს მეუფე ილარიონის მიმართ, მე ქედს ვიხრი მისი ღვაწლის წინაშე და ვუსურვებ ჯანმრთელობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს.

მარცხნიდან მარჯვნივ: მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი) და მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი)
მეუფე გიორგი (ჯამდელიანი)

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.