6-7 დეკემბერს, კიევში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის და უკრაინის კრიზისული მედია-ცენტრის ორგანიზებით გაიმართა უკრაინის და საქართველოს რეგიონებში მოქმედი მედია-საშუალებების ჟურნალისტების სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოდან ჩასულ ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ პირადად გასაუბრებოდნენ და ინტერვიუ ჩაეწერათ ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჰანეს რუმთან, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორთან იან რეინჰოლდთან, უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანნა კლიმპუშ-ცინცაძესთან, უკრაინის ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ტელე-რადიო-მაუწყებლობის საკითხებში გრიგორი შვერკთან.
ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულია 6 ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, ბელორუსია, აზერბაიჯანი, სომხეთი. ამ ქვეყნებიდან 3 ქვეყანას – მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის და ასოცირების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.
“თქვენ უნდა აუხსნათ ყველას, თითოეულ ადამიანს თუ რაში გჭირდებათ ევროკავშირი, რას მოგცემთ ევროინტეგრაცია, ამიტომ ჟურნალისტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.”- ასე მიმართა საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს იან რეინჰოლდმა – „მე ვფიქრობ, რომ საქართველოს კარგი პერსპექტივა აქვს. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრს მიაღწია დამოუკიდებლობის 25 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს პოლიტიკა (იგულისხმება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა) ჯერ მხოლოდ 8 წლისაა, 20 წლის შემდეგ ესტონელები შესაძლოა თქვენ მოგმართავდნენ რჩევებისთვის. თუ ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაზე და საქართველოზე, უკრაინა დიდი ქვეყანაა, მოსახლეობა ბევრჯერ აღემატება საქართველოს ან ესტონეთის მოსახლეობას, ამიტომ რეფორმების გატარება უკრაინაში ბევრად ძნელია. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმებით წინსვლა, რჩევების მიღება თავისი პარტნიორებისაგან, და თქვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა გააგრძელოს ის ძალიან კარგი სამუშაო, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში.”
მედია-ტურის ფარგლებში უკრაინელმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს რუსული საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის წინააღმდეგ მოქმედების საკუთარი გამოცდილებისა და სხვადასხვა მედია-პროექტების შესახებ, გაიმართა დისკუსიები.
ფოტოზე: ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი
ფოტოზე: ჟურნალისტი მიშა გვაძაბია და იან რეინჰოლდი.
ცოტნე მუსელიანი.