ქვემო სვანეთის ჩოლურის თემის სოფლებში მესამე დღეა თოვს და მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარმა დაახლოებით 80 სმ-ს მიაღწია. ცენტრალური გზა დღეს გაიწმინდა ტექნიკის გამოყენებით და მასზე მხოლოდ მაღალი გამავლობის, 2-ხიდიანი მანქანებით არის მოძრაობა შესაძლებელი.
უკვე მეორე დღეა რაც ელ. ენერგიის მიწოდება ხშირად უწყდებათ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვა თემების დასახლებებსაც.
ჩოლურში მკვიდრი მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამ დღეებში, ჩოლურში დაზიანებული ელ. გადამცემი ხაზების შესაკეთებლად არავინ მისულა. ადგილობრივი მოსახლეობა “ენერგოპრო ჯორჯია”-ს მხრიდან უყურადღებობას უჩივის და დაზიანებების სიხშირეს მოძველებული ელ. ბოძებით და უხარისხოდ დამონტაჟებული ელ. ქსელით ხსნის.
ჩვენ დავუკავშირდით სს “ენერგოპრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს თეონა გეგუჩაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბრაში აღნიშნა: ” ბოლო დღეების განმავლობაში მოსულმა დიდმა თოვლმა, მისგან გამოწვეულმა მეწყრულმა მოვლენებმა და მოტეხილმა ხეებმა დააზიანა გადამცემი ხაზები ლენტეხის მუნიციპალიტეტში. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ დაზიანებების აღსადგენად და მომხმარებლისთვის ძაბვის მისაწოდებლად. უკვე ჩაირთო დაბა ლენტეხის ძირითადი ნაწილი და მიმდებარე სოფლები. უახლოეს საათში დარულდება აღდგენითი სამუშაოები ხელედის თემისა და სოფელ ბაბილის მიმართულებით და აბონენტების ენერგომომრაგება განახლდება. რაც შეეხება ჩოლურის თემის და მიმდებარე სოფლებს, რომლებსაც ელექტროენერგია მაღალი ძაბვის ქსელში არსებული ავარიის გამო არ მიეწოდებათ, დაზიანებაზე მუშაობა ხვალ დასრულდება. ადგილობრივი პერსონალის გარდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაზიანებების აღდგენისთვის მუშაობენ ტექნიკური ბრიგადები ქუთაისის, წყალტუბოს და სამტრედიის მომსახურების ცენტრებიდან. მობილიზებულია ტექნიკა”.
ტარიელ მუკბანიანი,
ცოტნე მუსელიანი.