5 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) ფერმერთა მომსახურების რესურს-ცენტრში გაიმართა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს პრეზენტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში.
ღონისძიების მიზანი იყო აღნიშნული ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება.
დამსწრე საზოგადოებას ჰაბის და პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს მიზნების შესახებ ესაუბრენ „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს ხელმძღვანელი არჩილ ელბაქიძე, ამავე ორგანიზაციის კოორდინატორი თამარ ელბაქიძე, კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელი დავით აფრასიძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ია გაბუნია, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი მაკა ჩინიჯიშვილი.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ.
პროექტის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის სულ მცირე 110 აქტივობა და გაიცეს 715 ათასი ევროს ღირებულების 79 ქვეგრანტი, რომლითაც უნდა ისარგებლოს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500-მა წარმომადგენელმა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის საერთო ბიუჯეტია 5.07 მილიონი ევრო (3.8 მილიონი ევრო ევროკავშირის მიერ არის გამოყოფილი). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შეიქმნა 10 რეგიონული ჰაბი (hub, ინგლ. - საინფ. მომს. (საინფორმაციო ქსელის) კონცენტრატორი; (ქსელის) ბირთვი; ცენტრი;): ამბროლაურში, ზუგდიდში, გორში, თელავში, მცხეთაში, მარნეულში, ოზურგეთში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში.
თითოეული ჰაბი უნდა იყოს ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი შესაბამის რეგიონში. რეგიონული ჰაბების ინსტიტუციური და ტრენინგებით მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს პროექტის განმახორციელებელმა კონსორციუმმა.
ეს ინიციატივა მიზნად ისახავს: სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებას, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდას, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან; სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მცირე ფერმერები, სკოლის მოსწავლეები.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან პრეზენტაციას ესწრებოდნენ შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსი ვალერი ბენდელიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი თეა ტვილდიანი, ეკონომიკური განვითარების სამსახურის სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი სოსო მუსელიანი, კულტურის სამსახურის სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი ქეთევან ფიცხელაური.
პრეზენტაციის შემდეგ თამარ ელბაქიძემ სთხოვა დამსწრე საზოგადოებას დაესვათ კითხვები და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. საკუთარი აზრი გამოთქვა ორგანიზაცია „ლეჩხუმის ქალთა რეგიონული კავშირი“-ს გამგეობის თავმჯდომარემ ნატო სილაგაძემ, რაჭაში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე ქვემო სვანეთში წელს დაარსებული ორგანიზაციის „საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი“-ს წარმომადგენელმა.
ფოტოზე: საუბრობს თამარ ელბაქიძე
დავით აფრასიძე
ფოტოზე მარჯვნიდან: მაკა ჩინიჯიშვილი და თამარ ელბაქიძე
ცოტნე მუსელიანი.