22 მარტს, დაბა ლენტეხში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი “აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) მორიგი პრეზენტაცია ჩატარდა პროექტის: – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ფარგლებში.
ღონისძიების მიზანი იყო: რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესის, ახალგაზრდების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ის გარემოებაც, რომ რეგიონი განიცდის არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო კავშირების, საინიაციტივო ჯგუფების სიმცირეს და ზოგადად სამოქალაქო სექტორის სისუსტეს, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზეც, რადგან იმ პროექტებზე, რომლებიც ცხადდება და ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ აქვთ ინფორმაციული წვდომა.
პრეზენტაციები გამართეს “ფონდი აფხაზინტერკონტი”-ს კოორდინატორმა თამარ ელბაქიძემ და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქრისტინე მუსერიძემ. მათ ისაუბრეს პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის “დროის ბანკი”-ს შესახებ. “დროის ბანკი” ეს არის გლობალური მოხალისეობრივი ელექტრონული პლატფორმა, სადაც აბანდებ შენს უნარებს, საჭიროების შემთხვევაში, გასცემ შესაბამის მომხახურებას და იღებ დროის კრედიტებს, timecoin-ების სახით, დამსწრე საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია www.timerepublik.com – ზე დარეგისტრირების დეტალებზე და იმ მოხალისეობრივ აქტივობებზე, რისი განხორციელებაც შესაძლებელია “დროის ბანკი“-ს საშუალებით.
პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ.
ამ პროექტის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის სულ მცირე 110 აქტივობა და გაიცეს 720 ათას ევრომდე ღირებულების 80-მდე გრანტი, რომლითაც უნდა ისარგებლოს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500-მა წარმომადგენელმა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის საერთო ბიუჯეტია 5.07 მილიონი ევრო (3.8 მილიონი ევრო ევროკავშირის მიერ არის გამოყოფილი). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
ივეტა თვალჭრელიძე, დაბა ლენტეხი.