დავით გაზდელიანმა და ლუკა ტვილდიანმა სიმღერის კონკურსში გაიმარჯვეს

28-29 აპრილს თბილისში, ”საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი”-ს  შენობაში, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ორგანიზებით  ჩატარდა გიორგი ცაბაძის სახელობის ქართული საესტრადო სიმღერის ტრადიციული კონკურსი სახელწოდებით – ”ჩემი საქართველო აქ არის”, რომელშიც ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის “ძიება+”-ის (ხელმძ. ნინელი ონიანი, პედაგოგი იზა ჩაკვეტაძე) აღსაზრდელებმა დავით გაზდელიანმა და ლუკა ტვილდიანმა პირველი ადგილები და ჟიურის თავმჯდომარის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს  10-14 წლის მონაწილეთა შორის.  ბეთქილ გვიჭიანმა მე-2 ადგილი დაიკავა 6-10 წლის მონაწილეებში, გვანცა ტვილდიანმა მე-3 ადგილი დაიკავა 14-17 წლის მონაწილეთა შორის, ხოლო გოგონათა ანსამბლმა მე-2 ადგილი დაიკავა ჯგუფურ კატეგორიაში. ლუკა ტვილდიანი ზედიზედ მეორედ ხდება ამ კონკურსის გამარჯვებული, მან შარშან უფრო მაღალი ჟილდო – გრან პრი მოიპოვა.

აღნიშნული კონკურსი 20 წელია რაც ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში (6-10წ.; 10-14წ.; 14-17წ.). ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელები იზა ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით  8 წელია მონაწილეობენ მასში და დიდ წარმატებებსაც აღწევენ.

ამჯერად მოსწავლეთა კონკურსში მონაწილეობის და ტრანსპორტირების ხარჯები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ გაიღო.

ახლა კი ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელები ემზადებიან მონაწილეობა მიიღონ  ბათუმის საესტრადო სიმღერის ფესტივალში “მუსიკის ჰანგები”,  რომელიც გაიმართება 1-2 ივლისს ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

ზემოთ ფოტოზე: მარჯვნიდან ბეთქილ გვიჭიანი, დავით გაზდელიანი, ლუკა ტვილდიანი.

კახა ცაბაძე და იზა ჩაკვეტაძე ლენტეხელ კონკურსანტებთან ერთად

გვანცა ქურასბედიანი