დეკანოზმა იაკობმა მრევლს ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისში მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა

12 მაისს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში  დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) წირვა აღავლინა, ქადაგებისას კი მრევლის წევრებს მოუწოდა  გამონახონ დრო და საშუალება, რათა 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც  ქ.  თბილისში გაიმართება. მსვლელობა წირვით დაიწყება, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაში აღესრულება, შემდეგ კი იქნება მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე. აღნიშნული თარიღი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაადგინა ოჯახის სიწმინდის დაცვის საქმეში ქართველი ერის გასაერთიანებლად.

წელს,  17 მაისს ემთხვევა ამაღლების დღესასწაული და იმისათვის, რომ მრევლის წევრებმა შეძლონ წირვაზე დასწრება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში და არც თბილისში გასამართ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას გამოაკლდნენ, მამა იაკობის თქმით, სადღესასწაულო მსახურება სოფ. მაზაშის ამაღლების სახელობის ტაძარში 16 მაისს ღამისთევით შესრულდება და დაიწყება საღამოს ცხრა საათზე, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება წირვა. დაბა ლენტეხიდან მსვლელობაში მონაწილეობის მსურველები კი  17 მაისს, სავარაუდოდ დილის 6-ის ნახევარზე გაემგზავრებიან. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ამ დიდი მნიშვნელობის მქონე თარიღის აღნიშვნას და ერთსულოვნება მსვლელობაში მონაწილეობით გამოხატოს.

გვანცა ქურასბედიანი