4 მაისს, თბილისში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ლენტეხის სალოტბარო სკოლაში ორწლიანი სწავლის შემდეგ, ლიკა ლიპარტელიანმა წარმატებით ჩააბარა გამოსაშვები გამოცდა და ის ამ სკოლის პირველი კურსდამთავრებული გახდა. ლიკა ლიპარტელიანი პროფესიით – ეთნომუსიკოლოგია და ლენტეხში ქალთა ანსამბლ „ლაილა“-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად სამწუხაროდ არ ფუნქციონირებს. თავის დროზე ანსამბლი “ლაილა”-ს სიმღერები Svanetiinfo-ზეც ჟღერდა.
იმავე დღეს, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართა სალოტბარო სკოლების შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც ლენტეხის, გორისა და ზესტაფონის სალოტბარო სკოლები მონაწილეობდნენ.
ლენტეხის სალოტბარო სკოლა 2016 წელს გაიხსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის მიერ და დღეს ამ სკოლას ათეულობით სტუდენტი ჰყავს. ამავე წლიდან მოქმედებს საქართველოში სხვა 20 სალოტბარო სკოლაც. სალოტბარო სკოლების მთავარი მიზანი და დანიშნულებაა აღმოაჩინოს და განავითაროს სიმღერის ნიჭის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებში მუსიკალურობა. ამ ინიციატივას გვერდში უდგას საქართველოს კულტურის სამინისტრო და ფონდი “ქართული გალობა”. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლებში სწავლება ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის უფასოა.
ლენტეხის სალოტბარო სკოლას 2016 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ზურაბ ამირანის ძე ლიპარტელიანი. იგი დაიბადა 1988 წლის 7 თებერვალს, 2005 წელს დაამთავრა სოფ. საყულიის საშუალო სკოლა, ჩააბარა ქ. ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის კულტურის საგანმანათლებლო სასწავლებელში, სადაც 3 წელი ისწავლა, შემდეგ კი ქ. თბილისის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სიმღერისა და გალობის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. იყო ანსამბლი „კვირია“-ს წევრი (ხელმძ. გურამ კვასტიანი). 2015 წელს ზურაბი დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს და მოღვაწეობს თავისი პროფესიით, ასევე არის წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტერში მგალობელთა გუნდის რეგენტი, გელა გუგავას სახელობის ანსამბლ “ლაგუშედა”-ს ლოტბარი, ასწავლის მუსიკას დაბა ლენტეხის მე-2 საჯარო სკოლაში. ზურაბ ლიპარტელიანი მუსიკით დაინტერესებულ ადამიანთა გზამკვლევია უკვე წლების მანძილზე.
გვანცა ქურასბედიანი.