ქვემო სვანეთში ხელედულა-ჰესის მოწინააღმდეგეებმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართეს

გუშინ, ხელედულა-ჰესის მშენებლობის აქტიურმა მოწინააღმდეგემ, სოფ. ხელედის საჯარო სკოლის პედაგოგმა ელდინო ლიპარტელიანმა გაავრცელა ქვემო სვანეთის მოსახლეობის მიმართვა პრემიერ-მინისტრისადმი:
“ქვემო სვანეთის მოსახლეობის ღია წერილი პრემიერს.
ბატონო პრემიერო,
დღეს ლენტეხში თითქმის საომარი ვითარებაა. ძლევამოსილი თურქი ინვესტორი დაუცველ და უქონელ-უპოვარ მოსახლეობას ხისტი და ძალადობრივი პოლიტიკით უპირისპირდება.
მას უვიწროვეს ხეობაში არაპროგნოზირებადი მდინარის კალაპოტის შეცვლა და დიდი სიმძლავრის ჰესის აშენება განუზრახავს. ქალაქ ცაგერში, ლენტეხიდან 20 კილომეტრში, მობილიზებულია დიდძალი სპეცტექნიკა, რომელსაც მეხუთე დღეა “დარაჯობს” მოშიმშილეთა ჯგუფი. მათი ჯანმრთელობა უკვე საფრთხეშია. საგუშაგოებზე ერთმანეთს ეცვლება ახალგაზრდობის პარტიზანული ჯგუფები, რათა გასაჩეხი ტყეები დაიცვან. კადნიერი ინვესტორის წინაშე უძლურია ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლება, დუმს დეპუტატი. ვის მივმართოთ?!
შეუძლებელია 5-6 თვიანი სიმართლის ძიების ისტორია გადმოგცეთ წერილით. ამ ხნის განმავლობაში იმდენი უპასუხო კითხვა დაგვიგროვდა, რომ სასოწარკვეთამდე მიგვიყვანა და პოლიტიკური თავშესაფრის ძიებაც გადაგვაწყვეტინა. იქნებ გვაპოვნინოთ გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან, რათა არ ავიყაროთ მამაპაპური მიწიდან, არ დავკარგოთ უსაფრთხო სიცოცხლის უფლება და აღვიდგინოთ შელახული ღირსება.
გვჯერა, რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლო პრობლემა თქვენი პირადი კონტროლის ქვეშ მოხვდება და კვრიკაშვილის უწყების მსგავსად იმ სამინისტროებში არ იტრიალებს, რომელთაც თავის დროზე თავიანთი ნებართვებით გზა გაუხსნეს ამ დანაშაულევრივ პროექტს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მოისურვებთ ჩვენთან შეხვედრას და იხსნით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს.
პატივისცემით პატივაყრილი ხალხი.”