დღეს, დაახლოებით დილის 3 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგმა ზურაბ ნიჟარაძემ გაავრცელა ინფორმაცია მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის წუხელ შემდგარი შეთანხმების შესახებ: “… ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედგა შეთანხმება, რის საფუძველზეც გაყვანილია ძალოვანი სტრუქტურების, ასევე სხვა საფინანსო დეპარტამენტის წარმომადგენლები!
გაიხსნა საავტომობილო მიმოსვლა.
დაიდო პირობა, რომ უახლოეს დღეებში, 7-10 დღეში გვესტუმრებიან სხვადასხვა სამინისტროებისა და დეპარტამენტის წარმომადგენლები და დაიწყება საუბარი განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე.
დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს…”
ზემო სვანეთის ხაიშისა და ჭუბერის თემებში გუშინ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ რაც ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქ შეყვანილ იქნა ასეულობით პოლიციელი და სპეც. დანიშნულების რაზმი. ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით პოლიციელები საჭირო გახდა რათა უზრუნველყფილიყო ხე-ტყის უკანონო მოპოვების შემოწმება და აღმოფხვრა. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფ. ხაიშში გადაკეტა ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა და არ მისცა სპეც. რაზმს გადაადგილების საშუალება. რის შემდეგაც ზემო სვანეთში მოსააპარაკებლად ავიდა რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი.
ცოტნე მუსელიანი