15 დეკემბერს, ქვემო სვანეთში, მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან 2 დღის მანძილზე თოვლში ჩარჩენილი გურამ ლობჟანიძე ადგილობრივი მოხალისეებისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა.
13 დეკემბერს სოფ. ლემზაგორის მკვიდრ გურამ ლობჟანიძეს და მისი თანმხლებ პირს ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ და მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან, კლდოვან და გაუვალ ადგილებში მოხვდნენ, გურამ ლობჟანიძე დაშავდა კიდეც, იმ ადგილას მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინათ.
14 დეკემბერს, გურამის თანმხლებმა მოახერხა იმ ადგილიდან გამოღწევა და ქვემო სვანეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის და საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ამ ამბის გაგებინება. იმავე დღეს, დაბა ლენტეხიდან მაღალი გამავლობის მანქანით ავიდნენ სააგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლენტეხის განყოფილების თანამშრომლები, განყოფილების უფროსის ლერი ტვილდიანის ხელმძღვანელობით და შეხვდენენ ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ დაზარალებულის გამოყვანისთვის აუცილებელი იყო ვერტმფრენი, იმ ადგილებში კი თოვდა და ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენი ვერ მიიღებდა მონაწილეობას სამაშველო ოპერაციაში. ადგილობრივი მოსახლეობის და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მოთათბირების შედეგად გადაწყდა შემდგარიყო მოხალისე მაშველთა ჯგუფი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ღამით განახორციელებდა დაზარალებულის მოძებნას, რაც ბუნებრივია ძალიან საშიში იყო თავად მაშველთათთვის, მაგრამ თუ ისინი დაუყოვნებლივ ვერ იპოვიდნენ გურამ ლობჟანიძეს, ის დაიღუპებოდა. მოხალისე მაშველთა ჯგუფში გაერთიანდა 6 კაცი: გია ლიპარტელიანი – შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, სოფ. ყვედრეშიდან, კოტე გუჯეჯიანი – სოფ. ლემზაგორის მკვიდრი, გოჩა ფოჩიანი – სოფ. მებეცის მკვიდრი, შმაგი გელოვანი – სოფ. ნაცულიდან, გიორგი ონიანი – სოფ. ჟახუნდერიდან, გელა ონიანი – სოფ. სასაშიდან;
ჯგუფი 14 დეკემბერს საღამოს 11 სთ-ზე გაემართა დაზარალებულის საძებნად და დილის 5 საათზე მათ მოახერხეს მისი პოვნა და პირველადი დახმარების გაწევა. გურამ ლობჟანიძე უკვე მოყინულ კიდურებს ვერ გრძნობდა, მაგრამ მას სპირტით დაუზილეს სხეული, თბილად ჩააცვეს და ცეცხლი დაუნთეს, შედეგად, საბედნიეროდ, მას დაუბრუნდა მგრძნობელობა კიდურებში.
გურამ ლობჟანიძის საშველად ასევე ღამით გავიდა სვან მოხალისეთა მეორე ჯგუფი, აი ისინიც: ნუკრი გველებიანი – ცნობილი ალპინისტი და საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონი მეკდეურობაში და ყინულზე ცოცვაში, სოფ. მელეს მკვიდრი, გიგა გიგანი – სოფ. ზესხოდან, რომელიც ნუკრი გველებიანთან ერთად იმ დღეს ქუთაისში იმყოფებოდა, მაგრამ ისინი სპეციალურად დაბრუნდნენ მშობლიურ კუთხეში თანამოძმის გამოსახსნელად, ბექა პირველი – სოფ. ფანაგადან. ჯეკო ჯამბურიძე – სოფ. მამიდან. ამ ჯგუფმა ცოტა მოგვიანებით მიაღწია გურამ ლობჟანიძის ადგილსამყოფელს, მაგრამ რაც მთავარია მათაც უანგაროდ გარისკეს საკუთარი სიცოცხლე და ღამით გაუდგნენ მოყინული ჭიუხების ბილიკებს, ხოლო ნუკრი გველებიანი, როგორც გამოცდილ ალპინისტს შეეფერება, ყოველმხრივ მომზადებული იყო იმ შემთხვევისთვისაც თუ ვერტმფრენი უამინდობის გამო ვერ მოახერხებდა დაზარალებულის გამოყვანას, მას თან ჰქონდა წამოღებული ალპინისტური თოკები, აღჭურვილობა, სპირტქურა და თბილი სამოსი გურამ ლობჟანიძის გასათბობად.
როგორც ჩვენთან საუბარში ნუკრი გველებიანმა განაცხადა შესაძლო უამინდობის გამო ვერტმფრენის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოხალისეებს დაზარალებული ქვემოთ უნდა წამოეყვანათ სადაც მათ მოუწევდათ ურთულესი მარშრუტის გავლა ქვედა მყინვარზე, რომელზეც მრავლად არის ნაპრალები და კარნიზები, რომელთა გავლა ალპინისტური თოკების და აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია. ამ შემთხვევისათვის მყინვარის ქვემოთ მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ლენტეხის განყოფილების თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: იოსებ (სოსო) ლიპარტელიანი, გიორგი ლიპარტელიანი, ჯაბა ლიპარტელიანი და ანდრო ქურასბედიანი. სამივე ჯგუფს თან ჰქონდათ რაციები და პერიოდულად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.
საბედნიეროდ ამინდი კარგი გამოვიდა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც მოახერხა დაზარალებულის გამოყვანაში მონაწილეობის მიღება. ვერტმფრენის მოსვლამდე მოხალისეებმა დაზარალებული გადაიყვანეს ისეთ ადგილას საიდანაც უფრო იოლი იქნებოდა მისი აყვანა საფრენ აპარატზე. ნუკრი გველებიანმა ჩვენთან საუბარში განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია ვერტმფრენის მთელი ეკიპაჟი და პილოტი ბესო გაბიანი, რომელთაც არა მარტო დაზარალებულის, არამედ მოხალისე მაშველების ტრანსპორტირებაც მოახდინეს. დაზარალებული გადაყვანილ იქნა თბილისში, სადაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
ამ სამაშველო ოპერაციის შესახებ, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, მათსავე ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში, გუშინვე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თუმცა სამწუხაროდ დამახინჯებული და არასრული სახით და არავის უხსენებია სვანი მოხალისეები, რომელთაც ღამით, თოვაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს თანამოძმე.