ლატფარობა წელს 8 აგვისტოს აღინიშნება

8 აგვისტოს, სვანეთში, ლატფარის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე, იქვე აღმართული, წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძრის დღესასწაული
აღინიშნება. ეს დღესასწაული მესამე წელია რაც ტარდება. ის უკვე სახალხო ზეიმად გადაიქცა და ხალხმა მას “ლატფარობა” უწოდა.
ლატფარი ერთერთია იმ უღელტეხილებს შორის, რომლებიც ქვემო და ზემო სვანეთს აკავშირებენ.

დღესასწაულის აღნიშვნა წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარში წირვით დაიწყება (9 სთ-ზე). ტაძარი 2014-18 წწ-ში აშენდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით და სოფ. მამის მკვიდრის მარადი ჯამბურიძისა და მისი ოჯახის უდიდესი ძალისხმევითა და შრომით. მარადი ჯამბურიძის ოჯახმა ეს მშენებლობა უფლისადმი მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც მათ შეეძინათ მეოთხე ვაჟი – ლუკა.

როგორც ჩვენთან საუბარში ტაძრის მშენებლებმა განაცხადეს მათი სურვილი იყო და არის, რომ ლატფარის უღელტეხილზე აშენებულმა ტაძარმა უფრო მეტად დააკავშიროს და გააერთიანოს ქვემო და ზემო სვანეთის მოსახლეობა. სიმბოლურია, რომ ტაძრის ერთი გასაღები ქვემო სვანეთში (სოფ. მამი) ინახება, მეორე კი – ზემო სვანეთში (სოფ. კალა).

ლატფარობაზე ყოველწლიურად იკვლება ხარი მომლოცველების სამასპინძლოდ. 2018-19 წლებში საკლავს მარადი ჯამბურიძის ოჯახი სწირავდა, ამიერიდან კი ამ ხარჯს მონაცვლეობით სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა აიღებს თავის თავზე.

გრუნტის სამანქანო გზა ლატფარის უღელტეხილის მიმართულებით რამდენიმე წლის წინ სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ -მ გაჭრა ელექტროგადამცემი ხაზის მონტაჟისათვის. ეს გზა წლების განმავლობაში 3-ხიდიანი სატვირთო მანქანებისთვისაც კი თითქმის გაუვალი გახდა, მაგრამ ტაძრის მშენებლებმა სასწაულებრივი შრომით მაინც შეძლეს ტაძრის დასრულება. რამდენიმე წელია სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ლატფარისკენ მიმავალ გზას არემონტებს-ხოლმე, ელექტროგადამცემი ხაზის მომსახურებისათვის, რაც ამ გზით მოსარგებლე ყველა ადამიანისთვის დიდი შეღავათია. წელსაც გზა შეკეთდა და გაფართოვდა, თუმცა მომლოცველების ტრანსპორტირება სასურველია 2-ხიდიანი და სიჩქარის გამანაწილებლის (разадка) მქონე ავტომანქანებით ციცაბო დაღმართების გამო.

ტაძრის დღესასწაულის, ანუ ლატფარობის აღნიშვნა ყოველწლიურად მოხდება მარიამობის მარხვის წინა შაბათს.


მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი