8 აგვისტოს, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) წირვა აღავლინა ლატფარის უღელტეხილზე მდებარე წმ. ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ დეკანოზი იაკობი (კვირიკაშვილი), დეკანოზი გიორგი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები.
ლატფარი ერთერთია იმ უღელტეხილებს შორის, რომელნიც ქვემო და ზემო სვანეთს აკავშირებენ. აქ, ზღვის დონიდან 3000 მ-ზე, წმ. ლუკა მოციქულის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2018 წელს დასრულდა და ყოველ წელს, მარიამობის მარხვის წინა შაბათს, ტაძრის დღესასწაულის აღნიშვნა დაწესდა. ტაძრის მთავარი აღმშენებელი ქვემო სვანეთის სოფ. მამში მცხოვრები მარადი ჯამბურიძის ოჯახია.
ლატფარობაზე ასევე იმყოფებოდნენ ლენტეხის წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მგალობელთა გუნდის წევრები ზურაბ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, რომელთაც ღვთისმსახურების შემდეგ გამართული ტრაპეზიც დაამშვენეს თავიანთი სიმღერით.
ვიდეოების ავტორი: მირანდა მარგველანი.
ცოტნე მუსელიანი.