ზღვის დონიდან 3 000 მ.-ზე, ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში წირვა აღევლინება

10 აგვისტოს, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე მდებარე წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს დეკანოზი იაკობი (კვირიკაშვილი). ეს ტაძარი ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ ერთერთ უღელტეხილზე, ლატფარის უღელტელზე მდებარეობს.
ტაძრის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2018 წლამდე გაგრძელდა, სწორედ შარშან, 15 სექტემბერს აკურთხა უკვე დასრულებული ტაძარი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). ტაძარი აშენდა ქვემო სვანეთის სოფ. მამის მკვიდრის მარადი ჯამბურიძისა და მისი შვილების უდიდესი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით. მარადი ჯამბურიძის ოჯახმა ეს მშენებლობა გადაწყვიტა უფლისადმი მადლიერების ნიშნად, მას შემდეგ რაც მათ შეეძინათ მეოთხე ვაჟი – ლუკა.

როგორც ჩვენთან საუბარში ტაძრის მშენებლებმა განაცხადეს მათი სურვილია, რომ ლატფარის უღელტეხილზე ამ ტაძრის აშენება იყოს ქვემო და ზემო სვანეთის უფრო მეტად დაკავშირებისა და გაერთიანების დასაწყისი.

წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძართან მისვლა ნოემბრის თვიდან მაისის დასაწყისამდე, სპეციალური ტექნიკის გარეშე თითქმის შეუძლებელია, თოვლის მაღალი საფარის გამო.
ტაძრის დღესასწაულის აღნიშვნა ყოველწლიურად  მოხდება მარიამობის მარხვის წინა შაბათს.

მიტროპოლიტი სტეფანე ტაძრის მშენებლობის ადგილის კურთხევის შემდეგ, 2014წ.

 

 

 

მირანგულა მუკბანიანი,

სოფ. ჭველიერი.