საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მომავალ ლიდერთა სკოლაში მიღებას აცხადებს

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მომავალ ლიდერთა სკოლამ (ELS) დაიწყო განაცხადების მიღება 2020-2021 წლისათვის. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი იწვევს აქტივისტებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს – ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, შიდა ქართლი/მცხეთა-მთიანეთიდან, თბილისიდან და იმერეთი/რაჭა-ლეჩხუმიდან – მომავალ ლიდერთა სკოლაში (Emerging Leaders School – ELS) მონაწილეობის მისაღებად.

ELS-ის მიზანია ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისება მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

ტრენინგების კურსი ფოკუსირდება ისეთ თემებზე, როგორიცაა:

** პოლიტიკური კომუნიკაცია;
** ადგილობრივი თვითმმართველობა;
** საგარეო უსაფრთხოების გამოწვევები;
** სამოქალაქო ჩართულობა და აქტივიზმი/თემის მობილიზება;
** მედიაწიგნიერება/სოციალური მედიის როლი პარტიულ პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში;
** ქალების ჩართულობა პოლიტიკაში;
** პროექტის მენეჯმენტი/ფონდების მოძიება;
** ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და ა.შ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

იმისთვის რომ გახდეთ ELS-ელი, საჭიროა:

** იყოთ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა;
** გქონდეთ გამოხატული ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების, საარჩევნო სისტემების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ;
** შეგეძლოთ დასწრება ELS-ის სესიებზე 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით, ჩამოთვლილი ქალაქებიდან ერთ-ერთში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი და გორი.

შერჩევის პროცესი:

იმისთვის, რომ ELS-ის შესარჩევმა კომისიამ თქვენი აპლიკაცია განიხილოს, გთხოვთ, 2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით და თან დაურთოთ თქვენი რეზიუმე (CV): https://forms.gle/zBLFzJhWTuCSsd3v9

გთხოვთ, გაივალისწინოთ, რომ CV (ქართულ ენაზე) და სამოტივაციო წერილის (მაქს.200 სიტყვა) გარეშე მიღებული აპლიკაციები არ განიხილება.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, დავუკავშირდებით 2020 წლის 31 ოქტომბრამდე.

პროექტის ფორმატი:

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტი “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC საქართველო) თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

პირველი ეტაპი – მომავალ ლიდერთა სკოლა – მოიცავს ტრენინგების სერიას, რომელსაც გაუძღვებიან დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, როგორც სამეცნიერო სფეროდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებიდან. ტრენინგების სერია ფოკუსირდება პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე, უსაფრთხოებისა და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე (მაგ. საჯარო პოლიტიკა; ადგილობრივი თვითმმართველობა; საგარეო უსაფრთხოების გამოწვევები; პოლიტიკა, როგორც პროფესია; სამართლიანი არჩევნების პრინციპები და ინფორმირებული ამომრჩეველი; სამოქალაქო ჩართულობა და აქტივიზმი; თემის მობილიზება; პოლიტიკური კომუნიკაცია; მედიაწიგნიერება; პოლიტიკური და სოციალური კამპანია; სოციალური მედიის როლი პარტიულ პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში და ა.შ.). ამასთანავე, ტრენინგების ნაწილი ორიერტირებული იქნება სხვადასხვა სახის სამოქალაქო ჩართულობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პროექტის მენეჯმენტი, ფონდების მოძიება, ლობირება, ადვოკატირება და ა.შ.

მეორე ეტაპზე კი შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები, სადაც მომავალ ლიდერთა სკოლის წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე გამოცდილ ექსპერტებთან ერთად და მუშაობის პროცესში, შეიძინონ სხვადახვა სახის პრაქტიკული გამოცდილება, მაგ. პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება, აუდიო-ვიზუალური მასალის შექმნა, ბლოგის ან სტატის მომზადება და ა.შ.

ELS-ის მონაწილეებს ასევე, ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობები, ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში:

** მიიღონ მონაწილეობა არაფორმალურ გარემოში გამართულ ღია ტიპის დისკუსიებში სივრცე დისკუსიისთვის;
** თემატური ჯგუფებში მუშაობის შედეგად შექმნილი ნამუშევრები წარადგინონ დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმზე, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება პროექტის ფარგლებში.

მომავალ ლიდერთა სკოლის სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა არ მოუწევთ. ტრენინგები ძირითადად გაიმართება შაბათ-კვირას.

ტრენინგები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში პარალელურ რეჟიმში გაიმართება 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით . იმისთვის, რომ შესაბამისი რეგიონების სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეექმნათ თანაბარი პირობები და პროექტში ჩართვის შესაძლებლობა, GIP უზრუნველყოფს ტრანსპორტირებისა და, საჭიროებისამებრ, სასტუმროში განთავსების ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით პროექტის კოორდინატორებს:

ნინო ჯიბუტი jibuti@gip.ge
გვანცა იჩქითი ichkiti@gip.ge
ტელ.: +995 599 990 212
http://www.gip.ge