31 ოქომბერს, დაბა ლენტეხში, ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში მმართველი პარტიის მხრიდან საარჩევნო დარღვევებზე გააკეთა განცხადება, თუმცა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ამავდროულად ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ბრალდებებს უარყოფს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს “ლელო – მამუკა ხაზარაძე”-დან, სოსო ლიპარტელიანს 15 სთ-თვის შევხვდით. ის ამომრჩეველთა აქტიურობით კმაყოფილი იყო, თუმცა ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებზეც ისაუბრა:
“კენჭისყრის პროცესი, ჯერჯერობით, მშვიდად მიმდინარეობს, ნუ იყო პატარა დარღვევები, რასაც აფიქსირებენ ჩვენები წარმომადგენლები ფოტო- და ვიდეო-მასალის სახით… მოგეხსენებათ ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელები, როგორც წესი არიან საკრებულოს თავმჯდომარეები ან მერები, ლენტეხში საკრებულოს თავმჯდომარეა და დავაფიქსირეთ, რომ თავად საკრებულოს თავმჯდომარე და ლენტეხის მერი ბრძანდებოდნენ საარჩევნო უბანთან და ეწეოდნენ აგიტაციას, რაც კანონმდებლობით არ შეიძლება. პირადად მივედი მე და ვუთხარი, რომ დაეტოვებინათ ის ადგილი და წავიდნენ. ასეთი დარღვევები უნდა მოიშალოს და ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ …”
დარღვევებზე გვესაუბრა „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლენტეხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ლენტეხის საკრებულოს წევრი მირიან ლიპარტელიანი: “… ხალხი ხომ უნდა შევიდეს უბნებზე თავისუფლად არა ? ოცნების აქტივისტები ქვიათ თუ კოორდინატორები ქვიათ თუ მერიის თანამშრომლები არიან, ხალხს უშლიან ხელს, ყველა სოფელში და ყველა უბანზე ასეა. როგორ უშლიან ხელს ? დგანან უბანთან და ეკითხებიან ვის აძლევ ხმას და სიები აქვთ და უხერხულ მდგომარეობას უქმნიან, მოშორებით მაინც დადგნენ, სიები აქვთ და ვითომდა რაღაცა, გვერდით გაყვანა და რაღაცეები ხდება. ირღვევა ხალხის ხმის მიცემის უფლება. ხალხს იძულებულს ხდიან ხმა მათი კანდიდატისთვის მიაცემინონ, 5 კაცი რომ დაგესევა გარეთ და შედიხარ და გეკითებიან ვის აძლევ ხმას და რომ გამოხვალ და კიდევ გეკითხებიან ვის მიეცი ხმა, შეიძლება ასე ? გაიწიონ მაინც უბნიდან, მოშორდნენ… “
ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა განაცხადა: “… საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თქვენ რაც თქვით, თითქოს ვიყავით უბანთან და ვეწეოდით აგიტაციას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მოგონილი პროვოკაცია, თუ აღნიშნავენ, რომ ეს ასე იყო, შესაბამისად ალბათ დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ექნებათ და ჩემი პირადი თხოვნა იქნება რომ წარმოგვიდგინონ, პირიქით ვაფიქსირებ და შეგიძლიათ მიმართოთ კონკრეტულ, მე-7 საუბნო კომისიას, სადაც კომისიის ერთერთმა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, შეგნებულად სცადა გაეყალბებინა ჩვენი მხარდამჭერი ამომრჩევლის ბიულეტენი, რაც ნიშნავს იმას, რომ კომისიის აღნიშნულ წევრს წილისყრით გახვდა უბანზე რეგისტრატორის პოზიცია, შესაბამისად, მან ჩვენს მხარდამჭერს ბიულეტენზე შეგნებულად ხელი არ მოუწერა, რაც ჩვენი კომისიის მხრიდან იქნა დაფიქსირებული და კანონის შესაბამისად მიეცა გაფრთხილება.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხომ არ შეგინიშნავთ რამე დარღვევევბი ?
წინა საარჩევნო კამპანიამ ჩაიარა მშვიდ გარემოში, არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ოპოზიციური პარტიებიდან იყო საუბარი იმაზე, რომ უბნებთან დგანან ქართული ოცნების აგიტატორები თუ კოორდინატორები თუ გაურკვეველი პირები, რომლებსაც გაყავთ გვერდით ამომრჩევლები, არ აძლევენ ამომრჩევლებს თავისუფლად შესვლის საშუალებას უბანზე და ახდენენ ზეგავლენას მათზე…
როგორც აღვნიშნე, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს მსგავსი ფაქტები წარმოაჩინოს რეალობად, მაგრამ მათ კონკრეტული მაგალითი არა აქვთ, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ჩვენი აგიტატორები სამართლიანად მუშაობენ ჩვენს მხარდამჭერ ამომრჩევლებზე, ხელს უწყობენ მათ, დღეს მსოფლიოში შექმნილი პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე გათვალისწინებულია დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, იგულისხმება პირბადე, დეზინფექცია, იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველს აქვს უბანზე მისვლის სურვილი და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მიდის, მათი მხრიდან მომართვის შემთვევაში, ვეხმარებით ტრანსპორტირებაში.
და თქვენი აგიტატორები უბანთან არ დგანან ?
ჩვენი აგიტატორები უბანთან გათვალისწინებულ 25 მეტრიან დისტანციას იცავენ, დგანან 25 მეტრის მოშორებით უბნიდან, შესაბამისად მათთვის კანონით გათვალისწინებულ უფლებას არ არღვევენ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა და აგიტატორებმა პირველი დაარღვიეს 25 მეტრიანი დისტანცია საარჩევნო უბნიდან.
თუ ეკითხებიან თქვენი აგიტატორები ამომრჩევლებს ვის აძლევენ ხმას ?
დღეის მდგომარეობით აღნიშნული ფაქტი არ ფიქსირდება.”
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვცადეთ ჩაგვეწერა კომენტარი საარჩევნო ბლოკიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია”, მაგრამ მათ დროის უქონლობის გამო უარი გვითხრეს, შესაბამისად, მათგან ჩვენ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიგვიღია და დარღვევებზე სხვა ოპოზიციონერები საუბრობდნენ, მაგრამ გიორგი გაზდელიანმა, რატომღაც თავიდანვე ნაციონალური მოძრაობა მიიჩნია თავის ოპონენტად.