ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ქვემო სვანეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. მოსახლეობა ჩივის, რომ ერთიდაიგივე პროექტები ყოველი არჩევნების წინ, საჩქაროდ და უხარისხოდ სრულდება. ამ ფაქტის საილუსტრაციოდ კი დაბა ლენტეხში თამარ მეფის ქუჩის თითქმის ყოველწლიურ რეაბილიტაციას ასახელებენ.
ლენტეხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა დემურ ლიპარტელიანმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა ძალიან მწირია. ის ზამთარსა და გაზაფხულზე შიდა გზების გაწმენდით სამუშაოებს ძლივს ჰყოფნის და მისი ათვისება წლის დასაწყისშივე ხდება. მისივე თქმით, ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა ფონდების, პროგრამებისა და გრანტების დაფინანსებით ხორციელდება. ეს ფონდებია – მუნიციპალური განვითარების ფონდი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი; ხოლო პროგრამები – საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა და წელს დაემატა პროგრამა „განახლებული რეგიონები. „ზოგადად, დასაფინანსებელი პროექტები აუცილებლად ჩვენთან შეთანხებით შეირჩევა. წლის დასაწყისში მუნიციპალური განვითარების ფონდში ვაგზავნით მოთხოვნებს, რომლებიც სხვადასხვა თემებიდან მერის წარმომადგენლებისა და მაჟორიტარების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მოსახლეობიდან მიღებულ განცხადებებს ეყრდნობა. ასე განვსაზღვრავთ საჭიროებებს.
ადგილობრივი ბიუჯეტით წელს დაფინანსდა თოვლწმენდის სამუშაოები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამისთვის 55 000 ლარი დაიხარჯა. მეორე პროექტისთვის კი თანხა – 68 000 ლარი – მიზნობრივი გრანტი იყო, რაც ადგილობრივ შემოსავლებში აისახა. ამ ფულით მერიის მისაღები მოვაწყვეთ.“ – განაცხადა დემურ ლიპარტელიანმა.
სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის N185 დადგენილებით დამტკიცდა, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში დაიგეგმა, თბილისის გარდა.
28 აპრილს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 160 მილიონი ლარის ღირებულების 8 ტენდერი გამოაცხადა, დასავლეთ საქართველოს 34-ვე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის.
საინტერესოა, რომ ყველა ტენდერი 20 მილიონი ლარის ღირებულებისა იყო, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მუნიციპალიტეტების „ლოკაციებს“ ეხებოდა; მაგალითად, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ქედას ლოკაციებისთვისაც 20 მილიონი იყო განსაზღვრული და ლენტეხის, ონის, ცაგერის, ამბროლაურისა და ტყიბულის ლოკაციებისთვისაც (ეს ტენდერები მაშინ არ შედგა).
ამ პროგრამასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში და არასამთავრობო სექტორში, რაზეც ქვემოთ იქნება საუბარი. დაბა ლენტეხის შემთხვევაში მოსახლეობის უკმაყოფილება უფრო იმან გამოიწვია, რომ პროგრამის ფარგლებში ისევ თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ბულვარის მოპირკეთება დაიწყეს.
თითქოს რა არის ამაში ცუდი, თითქოს ხომ სასიხარულოა, როცა რაიმე კეთდება; რომ სახლებისა და ქუჩის გალამაზება იგეგმება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თამარ მეფის ქუჩა, უკვე რამდენიმე წელია, რაც „პროგრამაშია“.
ამ ქუჩაზე არსებულ ბულვარზე, ნაწილობრივ, ჯერ კიდევ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიგო ქვაფენილი, გაკეთდა რკინის კონსტრუქციის ღობე თავისი ლამპიონებით, დაიდგა ძელსკამები. შემდეგ ეს ლამპიონები დაიმტვრა თუ დაამტვრიეს, ძელსკამები კი სადღაც გაქრა, რკინის მოაჯირები კი, მიუხედავად ლამპიონების არარსებობისა, მაინც საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამირან ჯამბურიძის გამგებლობისას, ბულვარზე დაიდგა ლამპიონები და ახალი ძელსკამები, რომლებიც მიწაში ჩააბეტონეს (ვინმეს რომ არ წაეღო!?), რამდენიმე წლის წინ კი ლენტეხის მერიამ რატომღაც ჩათვალა, რომ რკინის მოაჯირებს ქვის მოაჯირები სჯობდა, ტენდერი გამოცხადდა და მთლიანად თამარ მეფის ბულვარზე გაკეთდა ნახევრად ქვით მოპირკეთებული და ნახევრად ხით გაფორმებული მოაჯირები, დაიგო ქვაფენილიც.
და აი წელსაც, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ისევ თამარ მეფის ქუჩაზე ამოყარეს უკვე არსებული ქვაფენილი და ახლის დაგება მიმდინარეობს.
ქვემო სვანეთის რამდენიმე მკვიდრმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეიბუქ-გვერდზეც გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე კომენტარები თუ მინიშნებები. მერიის ფეისბუქ-გვერდზე, ერთის მხრივ, თავს იწონებენ და „აპიარებენ“ სხვადასხვა ფონდებისა და პროგრამების მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომელნიც ქვემო სვანეთში ხორციელდება და მეორეს მხრივ – ნაკლებად ან/და არაზუსტად უთითებენ ამ პროექტების დამფინანსებელ და განმახორციელებელ ორგანიზაციებს, რასაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.
ჩვენ ქვემო სვანეთის რამდენიმე მკვიდრს ვთხოვეთ, შესრულებული თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეეფასებინათ.
როგორც ხელედის მაცხოვრებელმა, ეთერ ჩანქსელიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ხელისუფლებას ლენტეხის მუნიციპალიტეტი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება და ამ პერიოდში ნაჩქარევად ასრულებენ ფასადურ, ზედაპირულ საამუშაოებს, რაც პროექტების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
„როგორც წესი, ჩვენი პრობლემები ყველა ხელისუფლებას არჩევნების დროს ახსენდება ხოლმე. წინასაარჩევნოდ იწყება დიდი ფაციფუცი, ერთ-ორ თვეში რასაც მოასწრებენ და მერე მეყოლე კარგად, მომდევნო არჩევნებამდე. ხარისხზე რა მოგახსენოთ, – ისევე, როგორც ყველგან, საზოგადოებრივი საქმე აქაც უხარისხოდ კეთდება. სასაცილოა, გამუდმებით გარე ფასადებს ალამაზებენ, – შესასვლელში რაც ჩანს. 2015 წლიდან ერთი და იგივე პროექტებზეა საუბარი, პატარა მუნიციპალიტეტია და მეტის გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა ეთერ ჩანქსელიანმა.
წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების გააქტიურებაზე საუბრობს სოფელ ლასკადურას მკვიდრი ლიზა ქურასბედიანი:
„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყოველი არჩევნების წინ იწერება განახლებული გეგმები და პროექტები, რომლებიც ჯერ კიდევ ხორცშეუსხმელია.
მაგალითად, ჩვენს სოფელში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ვერც ერთმა არჩევნებმა მოაგვარა და ჯერ კიდევ დაპირებად რჩება.
… მილიონები იხარჯება ერთი და იგივე ტენდერებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას კი უჭირს. მხოლოდ ერთეულები ცხოვრობენ კარგად. გაკეთებულისა და მიზნობრივად დახარჯულის, ლენტეხს არაფერი ეტყობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობა მეტად დაინტერესდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით და ადგილობრივ ფინანსების მიზნობრიობას მკაცრად გააკონტროლებს“, – ამბობს ლიზა ქურასბედიანი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მოქალაქეთა პრეტენზიებს ისე პასუხობენ – ეგ „განახლებული რეგიონების“ პროგრამით ხორციელდებაო, – თითქოს ამ პროგრამასთან ლენტეხის მერიას საერთოდ არ ჰქონდეს შეხება.
პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში კეთილმოსაწყობი, ურბანული განახლების არეალებს სპეციალურად შექმნილი სამთავრობო კომისია არჩევდა. სამთავრობო კომისიის მიერ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შეარჩიეს შემდეგი არეალები:
ამბროლაური – აღმაშენებლის და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები;
ლენტეხი – თამარ მეფის და სტალინის ქუჩები;
ცაგერი – რუსთაველის და კოსტავას ქუჩები;
ონი – დავით აღმაშენებლის მოედანი.
საქართველოს მთავრობის ზემოთ აღნიშნული დადგენილების თანახმად, სამთავრობო კომისიაში „შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერსა და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს კომისიის მუშაობაში კომისიის წევრის სტატუსით“ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. მიუხედავად ამისა, ლენტეხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ მათ „განახლებული რეგიონები“-ს ლენტეხის სამუშაოების პროექტი არ აქვთ და რა თანხაა გამოყოფილი ლენტეხში, ისიც კი არ იციან. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ თამარ მეფისა და სტალინის ქუჩების რეაბილიტაციის მოთხოვნა მათ გაგზავნეს (?!).
პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს მიმიდინარეობის შესახებ საუბრისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა: „…მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან სპეციალურმა კომისიამ შეარჩია ისეთი მდებარეობები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს“.
თუ რამდენად „მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“ დაბა ლენტეხის ორ ქუჩაზე ფასადების დათბუნვა და მოპირკეთება, ამაზე ფიქრი და მსჯელობა თქვენთვის მოგვინდვია. ამასობაში კი არასამთავრობო ორგანიზაციის „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“-ს მედია-პროექტზე „ფლანგვის დეტექტორი“ გამოქვეყნდა კრიტიკული სტატია პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს თაობაზე. სტატიაში რამდენიმე საკითხზეა ყურადღება გამახვილებული:
„15 ტენდერიდან 6-ში გამარჯვებული შპს „საბა კონსტრაქშენ“ გახდა, აქედან 3 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.
„საბა კონსტრაქშენ“ წლების განმავლობაში საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იმარჯვებდა.
5 შემთხვევაში გამარჯვებული შპს „დაგი“ გახდა, მას კონკურენტი არც ერთ ტენდერში არ ჰყოლია.
შპს „დაგი“ „ინფრასტურქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრია და სახელმწიფო სტრუქტურებთან საკმაოდ ძვირადღირებული ტენდერები აქვს გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ როგორც ირკვევა, ტენდერების გამოცხადების მომენტში ზუსტად არ იყო გაწერილი, თუ რომელ ობიექტებს ჩაუტარდებოდა რეაბილიტაცია „განახლებული რეგიონების” ფარგლებში; შესაბამისად, კომპანიებს, რომლებმაც ტენდერებში მონაწილეობა მიიღეს, აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდათ და მხოლოდ წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ გახდა მათთვის ეს ინფორმაცია ცნობილი.
აღნიშნული პროგრამის ღირებულებად 500 მლნ ლარი განისაზღვრა. თუმცა, ეს თანხა მხოლოდ პროგრამის პირველი ეტაპისთვის არის გათვალისწინებული, აქედან 150 მლნ ლარი დონორის დაფინანსების ფარგლებში, ხოლო 350 მლნ ლარი უშუალოდ საბიუჯეტო სახსრებიდან გამოიყოფა“.
ლიკა დევდარიანი,
გაზეთისათვის „სვანეთი“
სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ”.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.