2017 წელს svanetiinfo.ge-ზე გაშუქდა ახაგაზრდა ემიგრანტი მხატვრის სალომე ქურასბედიანის წარმატება იტალიაში გამართულ კონკურსში. ის მაშინ საუკეთესო მხატვართა ათეულში მოხვდა. კონკურსში გამარჯვებული 13 მხატვრის ნამუშევრები და ბიოგრაფიები გამოქვეყნდა სპეციალურად მათთვის გამოცემულ წიგნში “ხელოვნება და თანამედროვე ხელოვანები” (“Arte e artisti contemporanei”).
დავინტერესდით, რა შეიცვალა მას შემდეგ სალომეს ცხოვრებაში:
სალომე იტალიაში როდის და რატომ წახვედით?
2014 წლის 12 იანვარს წამოვედი იტალიაში. ჩემი ძმის ავადმყოფობის გამო გადავწყვიტე წამოსვლა, 5-წლიანი აკადემიური ავიღე უნივერსიტეტში და წამოვედი, მინდოდა დედას დავხმარებდი ფინანსურად ცოტა ხნით და უკან დავბრუნებულიყავი.
შენი ძმა როგორ არის ახლა, რამდენი და-ძმა გყავს, სად ცხოვრობენ ?
ჩემი ძმა კარგად არის ღვთის წყალობით. სამი ძმა მყავს. მე ასაკით მესამე ვარ დედმამიშვილებში. უფროსი ძმა დაოჯახებულია და ძირითადად, ოჯახით თბილისში ცხოვრობს. დანარჩენები სვანეთში, სოფ ბაბილში. დედა ახლა ჩემთან ჩამოვიდა იტალიაში რამდენიმე თვით.
თავიდან ვისთან ჩახვედი იტალიაში, ალბათ გაგიჭირდა, რომელ ქალაქში იყავი, ისევ იქ ხარ თუ გადახვედი ?
ჩემი რძლის დეიდასთან წამოვედი. თავიდან გამიჭირდაო? ძალიან გამიჭირდა. 1 წელი ძალიან რთული დღეები გამოვიარე, მაგრამ ძლიერი აღმოვჩნდი. თავიდან ქალაქ ბარში ჩამოვედი, მეზობელ ქალაქში ვიშოვე პირველი სამსახური, სადაც 1 თვე ვიმუშავე. მერე მოხუცმა, რომელსაც ვუვლიდი, შემთხვევით, მაკარონის მდუღარე წყალი გადამასხა მუცელზე და დამწვრობით წამოვედი სამსახურიდან. მერე ქალაქ მატერაში წავედი მამიდასთან მედეა ქურასბედიანთან (მამაჩემის დეიდაშვილთან), ისე მიმიღეს როგორც საკუთარი შვილი, 10 თვე მატერაში ვიყავი, მაგრამ სამსახურებში არ მიმართლებდა და მერე ისევ ქალაქ ბარში დავბრუნდი, ბავშვების მომვლელად გამოჩნდა სამუშაო. ახლაც აქ ვცხოვრობთ. მის მერეც ბევრი რთული სამუშაო გამოვიცვალე. მანიკურის კეთების სპეციალისტიც გავხდი, უმაღლესი დონის სალონში კურსები გავიარე და სამი სერტიფიკატი მაქვს, იმ კურსებზე მხოლოდ პასპორტის წარდგენა იყო საჭირო, ლეგალურად ყოფნის საბუთი არ მომთხოვეს. თავისუფალ დროს კლიენტებიც მყავს, უბალოდ თავისუფალი დრო თითქმის არასდროს მაქვს. შუალედებში, გადარბენით ვახერხებ რაღაცას.
2017-ში უსაბუთობის გამო წუხდი და ახლა თუ გაქვს იტალიაში ოფიციალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება?
არა, არც ახლა არ მაქვს. ვაკეთებდი და სადაც საბუთებს მიმზადებდნენ შეცდომით გააკეთეს ყელაფერი და შედეგად საბუთი ვერ მივიღე, ახლაც საბუთის კეთების პროცესში ვარ ადვოკატის საშუალებით, რადგან მცირეწლოვანი შვილი მყავს კანონით მეკუთვნის.
ოჯახი იტალიაში შექმენი, საიდანაა შენი მეუღლე, როგორ გაიცანი ?
კი იტალიაში დავქორწინდი. ჩემი მეუღლეა გიორგი სვიმონიშვილი, კახელია. მეგობრის ოჯახში გავიცანი, სადაც დასვენების დღეს მივდიოდი-ხოლმე. მეუღლეს აქვს საბუთი.
შენ სამხატვრო სკოლაში მხოლოდ რამდენიმე თვე იარე ბავშვობაში, ფაქტიურად თვითნასწავლი მხატვარი ხარ, 2017-ში დიდი წარმატება მოიპოვე, იმის მერე უფრო თუ გააქტიურდი შემოქმედებითად, თუ ახერხებდი მეტი დროის გამოყოფას ხელოვნებისთვის ?
ლენტეხის სამხატვრო სკოლაში დავდიოდი სკოლის პერიოდში. კერვა, ქსოვა და ქარგვა დედაჩემმა მასწავლა. თექაზე მუშაობა სამხატვრო სკოლაში ვისწავლე. კონკურსის შემდეგ, სამწუხაროდ, ვეღარ დავუთმე დრო, 24 საათიან სამსახურებში ვმუშაობდი, კვირაში მხოლოდ ერთი დღე ვისვენებდი და ვერ ვახერხებდი. იმ კონკურსის მერე რომში გამოფენაზეც მიმიწვიეს, მაგრამ ვერ წავედი, სამსახურებს ვერ დავკარგავდი. რომ წავსულყავი, ფულიც მჭირდებოდა და დროც და სამწუხაროდ, იმ დროისთვის არცერთი არ მქონდა. მერე ოჯახი შევქმენით და სამუშაო უფრო მომემატა, ახლაც, კვირაში მხოლოდ ერთი დღე ვისვენებ სამუშაოდან, ფაქტიურად დრო არაფრისთვის მრჩება. მაგრამ ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, epoxy რეზინაზეც დავიწყე მუშაობა, როცა ვახერხებ. მეუღლეც მუშაობს, ბავშვის დამტოვებელი არ გვყავს: დილით მე ვმუშაობ, საღამოს გიორგი და საღამოს მე მიმყავს სამუშაოზე ბავშვი.
იტალიურ ბაღში აღარ დაგყავს?
მომავალ წელს შევა ბაღში, წელს პატარა იყო და არ მიიღეს. 2 წლის არის.
შენი ნამუშევრები იყიდება თუ მხოლოდ შენთვის ქმნი?
შეკვეთებზე ვმუშაობ, როცა მაქვს შეკვეთები მაშინ ვაკეთებ.
შემკვეთები ნაცნობობის მეშვეობით გიკავშირდებიან თუ როგორ?
ინტერნეტში ვდებ ნამუშევრების ფოტოებს სოციალურ ქსელებში.
იტალიაში ქართულ დიასპორასთან თუ გქონია რაიმე კავშირი, საქართველოს საკონსულოდან ან საელჩოდან თუ დაგკავშირებიან შენი წარმატების შემდეგ ?
არავინ. საქართველოს ერთერთი მედიიდან ჟურნალისტი დამიკავშირდა, ინტერვიუ უნდოდათ. მე გვიან ვნახე მესიჯი და მერე არავინ გამოჩენილა.
რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება ?
ყველაზე დიდი ოცნება – საქართველოში დაბრუნება და ჩემი შვილის საკუთარ მიწაზე, ქართულად აღზრდაა.
ქართულად აღზრდაში რას გულისხმობ?
ყველაზე მეტად მინდა რომ ჩემს ძმისშვილებთან ერთად გაიზარდოს, იცოდეს ნათესავის სიყვარული და ყველაფერი ქართული მინდა იცოდეს
დიდი მადლობა რომ ამდენი დრო დამითმე, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ, იხარეთ და იბედნიერეთ!
მართლა იმდენი რამეა მოსაყოლი ემიგრანტებზე, ყოველდღიურ სირთულებზე, ტკივილზე და განცდებზე, რომ ყველაფერს ვერც მოყვები და რასაც მოყვები უამრავი დრო დასჭირდება.
ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩემი ცხოვრებით და ემიგრანტობით.
8 წლის გამოცდილებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ემიგრანტობა არის გმირობის ტოლფასი.
პირიქით მადლობა, რომ იტალიაშიც ასახელე სვანეთი და საქართველო.
დასასრულს, ემიგრანტი მხატვრის მხარდაჭერის მიზნით გვინდა წარმოგიდგინოთ მისი კუთვნილი არხები სოციალურ ქსელებში, რომელთა მეშვეობითაც ის მცირედ შემოსავალს მოიპოვებს-ხოლმე:
https://www.youtube.com/shorts/kpB1BTZm_ec
https://vm.tiktok.com/ZM8xKvv87/
https://www.facebook.com/სალოs-Nail-Art-106156737938523/
ასევე წარმოგიდგენთ 2017 წელს კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების ფოტოებს: