ემიგრანტმა მხატვარმა სალომე ქურასბედიანმა იტალიაში კონკურსში გაიმარჯვა

მიმდინარე წლის მარტის თვეში იტალიაში, ქალაქ რომში გამოცხადდა კონკურსი ახალბედა მხატვართა წახალისების და საუკეთესო მხატვართა გამოვლენის მიზნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იტალიაში მცხოვრებმა სალომე ქურასბედიანმა და იგი საუკეთესო მხატვართა ათეულში მოხვდა. ამ წარმატებას წინ უძღოდა პირველი ტური, რომელშიც ცნობილი მხატვრებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  გამოარჩია 50 საუკეთესო მონაწილე, მათგან 13 მხატვარმა კი კონკურსში გაიმარჯვა. მათი ნამუშევრები და ბიოგრაფიები გამოქვეყნდა სპეციალურად მათთვის შექმნილ ხელოვნების წიგნში სახელწოდებით “ხელოვნება და თანამედროვე ხელოვანები” ( “Arte e artisti contemporanei”).

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მხატვარს შეეძლო. გამარჯვებულები ივნისის დასაწყისში გამოვლინდნენ. მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო ელექტრონულადაც  და სალომეც სწორედ ასე მოხვდა კონკურსში. ის არის ყველაზე ახალგაზრდა და ახალბედა მხატვარი საკმაოდ გამოცდილ მხატვრებს შორის, რომელთაც ამ კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს. სულ  13 გამარჯვებული გამოვლინდა, სალომე კი ათეულში მოხვდა. გამარჯვებული მხატვრები მიწვეულნი არიან ტელევიზიაში – sky, სადაც ისინი ხელოვნებაზე ისაუბრებენ.

სალომე მირზას ასული ქურასბედიანი დაიბადა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბილში 1993 წლის 27 ნოემბერს. დედა გახლავთ შრომის პედაგოგი მაია გასვიანი. სალომემ ლენტეხის №1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე  განაგრძო სწავლა. 2 კურსის დამთავრების შემდეგ მან აკადემიური შვებულება აიღო და იტალიის ქალაქ ბარში გაემგზავრა, სადაც დღემდე ცხოვრობს. მისი ცხოვრების დევიზი 2009 წელს გარდაცვლილი მამის სიტყვებია, რომელსაც გადაუხრელად ასრულებენ შვილები –  ” უშრომელად მიღებულ ლუკმას შიმშილი გერჩიოთ, ოფლით მონაგები ლუკმა ყველაზე ტკბილია, ამიტომ მუდამ იშრომეთ შვილებო!”.

გთავაზობთ ინტერვიუს სალომე ქურასბედიანთან:

სალომე რამდენი ხანია რაც იტალიაში ცხოვრობთ და რა მიზნით წახვედით იქ?

იტალიაში უკვე 4 წელია რაც ვარ. აქ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩამოვედი. მინდოდა დედას დავხმარებოდი და ფინანსურად გვერდში დავდგომოდი, რომელმაც ძალიან დიდი ხარჯი გასწია ჩემი ძმის ავადმყოფობის გამო. ამჟამად ეს პრობლემები მოგვარებულია, თუმცა მაშინდელი ჩემი გადაწყვეტილება სწორედაც რომ დროული იყო.

აღნიშნულ კონკურსში როგორ მოხვდით და გქონდათ თუ არა ასეთი წარმატების მიღწევის მოლოდინი?

კონკურსის შესახებ ინტერნეტით გავიგე. ერთ-ერთი ჩემი ნახატი გავგზავნე საკონკურსოდ, თუმცა ნამდვილად არ მქონია ამდენის მიღწევის მოლოდინი, მხოლოდ ბედი ვცადე არაფრის მოლოდინში, რადგან კონკურსში საკმაოდ გამოცდილი და ხელოვნების ამ დარგს კარგად დაუფლებული მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას და მე მათ კონკურენციას როგორ გავუწევდი, ასე ვფიქრობდი.

რა ადგილი და დრო უჭირავს ხატვას, ხელოვნებას შენს ცხოვრებაში?

ხელოვნებას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, მაგრამ დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ ვახერხებ ხატვას, თუმცა როცა ამის დრო მიჩნდება-ხოლმე, ვფიქრობ სულიერად ვიზრდები, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა.

თუ გეგმავ მიიღო გამოცდილება და ცოდნა ხელოვნების ამ დარგში იტალიაში და აქამდე თუ მიგიღია მსგავს კონკურსებში მონაწილეობა?

სწავლას ვერ ვახერხებ უსაბუთობის გამო, რადგან  იტალიისთვის არალეგალი ვარ და არც მსგავს კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა ამავე მიზეზით.

სად ისწავლე ხატვა?

ხატვის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. პირველ კლასში ვიყავი ლენტეხის სამხატვრო სკოლაში რომ შემიყვანეს. თამილა ლიპარტელიანი იყო ჩემი პედაგოგი. 3 თვე ვისწავლე და მერე ჩემი სიზარმაცის გამო მივატოვე. მას შემდეგ თვითონ ვცდილობ ვხატო და ვაკეთო საინტერესო ხელნაკეთი ნივთები და იმედია ოდესმე შევძლებ დავეუფლო ხატვის პროფესიონალურ ცოდნას. ჯერჯერობით კი ვერ ვახერხებ.

IMG_20170717_215304_554

received_1235218313255524

received_1235218656588823

received_1235218646588824

გვანცა ქურასბედიანი.