უნივერსიტეტი გარდამტეხ ცვლილებას ახდენს პიროვნების კარიერულ ჩამოყალიბებაში, რადგან ეს არის ადგილი სადაც ხარისხიან განათლებასთან ერთად, იღებთ გამოცდილებას, აყალიბებთ კონტაქტებს და განსაზღვრავთ თქვენს როლს მომავალ საქმიანობაში.
მარიამ ჩაჩავა საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია და თვლის, რომ საქართველოს უნივერსიტეტს დიდი წვლილი მიუძღვის მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. „საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა ხარისხიან განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა, როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღების თვალსაზრისით. ამ ყველაფერმა კი მყარი საფუძველი შემიქმნა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამუშაო ბაზარზე დამკვიდრებისთვის. რაც მთავარია, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებულ ლექტორებთან ურთიერთობა დამეხმარა ჩემი კარიერული მიზნების სწორად განსაზღვრაში.“
მარიამმა 2021 წელს Fulbright-ის სტიპენდია მოიპოვა და, სწავლა University of Washington-ში საჯარო პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით გააგრძელა. ფულბრაითი არის აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდია, რომელიც სრულად ანაზღაურებს ფინალისტების სამაგისტრო პროგრამის სწავლებისა და ცხოვრების ხარჯებს ამერიკაში. ამას მოჰყვა პირველი Edmund Muskie Professional Fellowship სტიპენდია, რომლის ფარგლებში სტაჟირება გაიარა ადგილობრივ პოლიტიკის კვლევით ცენტრში ვაშინგტონში. „ვაშინგტონში მუშაობის პერიოდში ვამზადებდი ენერგეტიკის სექტორში არსებული რეგულაციების მიმოხილვასა და გავლენის შეფასებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის“ – ამბობს მარიამი.
ამჟამად მუშაობას აგრეძელებს Public Policy Management Institute (PPMI)- ში უფროსი მკვლევრის პოზიციაზე. PPMI არის ევროპის წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც საჯარო ინსტიტუტებს მტკიცებულებებზე დამყარებული კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე ეხმარება კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტაში. “PPMI -ში უშუალოდ ჩემს გუნდთან ერთად ვმონაწილეობ სხვადასხვა კვლევებში მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური განათლების პოლიტიკის მიმართულებით.“
მარიამი ამაყობს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია: „ვამაყობ და მიხარია, რომ ვარ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული! აქ შეძენილმა ცოდნამ, ღირებულებებმა და ადამიანებმა დიდი როლი ითამაშეს ჩემს შემდგომ პროფესიულ განვითარებაში.”