2023 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო თანაბომბარდირი ზურაბ მუსელიანი ორწლიანი კონტრაქტით სამხრეთ კორეულ კლუბში “გიონგნამი” გააგრძელებს სპორტულ კარიერას. 24 წლის ფეხბურთელს წელს მშვენიერი სეზონი ჰქონდა. ეროვნული ლიგის 2023 წლის საუკეთესო გოლების ათეულში შეიტანეს ზურა მუსელიანის შესანიშნავი გოლი “სამგურალი“-ს კარში. აღსანიშნავია ზურას მიერ “შუქურა“-ს წინააღმდეგ ერთ თამაშში 7 გოლის გატანაც, რითაც მან
მიშა ჯიშაკარიანის მიერ 1991 წელს დამყარებული
რეკორდი (ერთ შეხვედრაში შედეგიანობის) გაიმეორა.
ზურა ალბერტის ძე მუსელიანი 1999 წლის 17 სექტემბერს დაიბადა დაბა ლენტეხში. მამამისი ალბერტი გურგენის ძე მუსელიანი სოფ. ხოფურიდანაა, მაგრამ ოჯახთან ერთად ესპანეთში მოუწია გადასვლა საცხოვრებლად. სწორედ ესპანეთში მიიყვანეს ფეხბურთზე 5 წლის ზურა კლუბში „ალსამორა“, სადაც 5 წელი დაჰყო. შემდეგ კი საქართველოში სულაქველიძის აკადემიაში ვარჯიშობდა 5 წლის განმავლობაში, მერე კი იყო კლუბი „ვიტ-ჯორჯია“, საიდანაც დაიწყო მისი როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა. „ვიტ-ჯორჯია“-ს შემდეგ ორი წელი ქობულეთის „შუქურა“-ში ითამაშა, ხოლო 2023 წლის სეზონი გაატარა კლუბში „გაგრა“.
ცოტნე მუსელიანი
ფოტოს ავტორი: ხატია დვალიძე