დაბა ლენტეხის #2 საჯარო სკოლისთვის გადასაცემი ახალი სასწავლო კორპუსის პროექტირებაზე მუშაობა მიმდინარეობს. განათლების სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით სკოლას ახალი სასწავლო კორპუსი პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გადაეცემა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31.05.2023 წლის განკარგულების საფუძველზე ლენტეხის მერიამ მიწის ნაკვეთიც შეისყიდა დაბა ლენტეხში #2 საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კორპუსისთვის, თუმცა ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე.
სსიპ “დაბა ლენტეხის #2 საჯარო სკოლა”-ს შენობის პრობლემა
2011 წლის 25 ივლისის შემდეგ შეექმნა, როდესაც ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ბრალდებული და მსჯავრდებული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის #25/07/06 განკარგულებით დაბა ლენტეხის #2 საჯარო სკოლის მთელი უძრავი ქონება სასწავლო კორპუსის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რაიონებში არსებულ უძრავ ქონებასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებით 1 ლარად.
სამწუხაროა, მაგრამ არავინ აღმოვჩნდით ხმის ამომღები აშკარა უსამართლობაზე, რაც თუნდაც იმაში გამოიხატებოდა, რომ იმ კანონის მიხედვით, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილმა განკარგულება გამოსცა, აკრძალული იყო საჯარო სკოლების სარგებლობაში არსებული ქონების პრივატიზება.
იმ დღის შემდეგ #2 საჯარო სკოლის პედკოლექტივმა და მოსწავლეებმა მრავალი განსაცდელი გამოიარეს.
2020 წელს საკუთარ შენობაში ხიზნად აღმოჩენილი სკოლა იძულებული გახდა დაეცალა ჩამორთმეული ქონება და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შენობაში იქირავა ფართი, სადაც დღემდე ფუნქციონირებს.
16 დეკემბერს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია:
“ლენტეხის მუნიციპალიტეტში N2 საჯარო სკოლის ბაზაზე, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) დაუღალავი შრომის შედეგად, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია გაიხსნა….”
ეს წინადადება ბევრმა ისე გაიგო, თითქოს დაბა ლენტეხის #2 საჯარო სკოლა გიმნაზიად გადაკეთებულიყოს, არადა რეალობა სრულიად სხვაგვარია: გიმნაზია #2 საჯარო სკოლისთვის ჩამორთმეულ და საპატრიარქოსთვის გადაცემულ შენობაში აპირებს მოსწავლეთა მიღებას, მოქმედი #2 საჯარო სკოლა კი განათლების სამინისტროსგან ელოდება ახალი სასწავლო კორპუსის გადმოცემას.
ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ქრისტინე კობახიძემაც გააკეთა განცხადება ფეისბუქ-კომენტარის სახით რათა აეხსნა გაკვირვებული მოქალაქისთვის, რომ “… #2 საჯარო სკოლას განესაზღვრა ახალი ფართი, სადაც მოხდება შენობის პროექტირება და რეაბილიტაცია.”
ცოტნე მუსელიანი