29 ოქტომბერს მარნეულში გაიმართა IV ტრადიციული საერთაშორისო გუნდური ტურნირი 2000-2001 წელს დაბადებულ ძიუდოისტებს შორის, რომელიც მიეძღვნა ქვემო ქართლის რეგიონში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლისა და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის ოსტატის თენგიზ ნავერიანის ხსოვნას.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის თორმეტმა გუნდმა.
ტურნირში წარმატებით იასპარეზა ლენტეხელი კადეტი ძიუდოისტების გუნდმა. მათ ბრინჯაოს მედალი და მე-3 ადგილი მოიპოვეს გორის გუნდთან ერთად. ტურნირის გამარჯვებული თბილისის I გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში დაამარცხა ქვემო ქართლი.
ლენტეხის გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ: ბუბა ლევანის ძე გაზდელიანი, ავთანდილ დავითის ძე მუკბანიანი, დავით ზვიადის ძე ლიპარტელიანი, გიორგი ემზარის ძე ლიპარტელიანი, მძიმე წონაში – გიგა ტატიაშვილი, მწვრთნელები – მირზა და ლადო მუსელიანები.
ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო თასების, მედლებისა და სიგელების გარდა, ფულადი ჯილდოებიც გადაეცათ: პირველ ადგილზე გასულს 5 ათასი ლარი, მეორე ადგილოსანს 3 ათასი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს ათას-ათასი ლარი.