ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და საკრებულოს აპარატში 81 შტატი დარჩება: 72 საშტატო ერთეული გამგეობაში, 9-საშტატო ერთეული საკრებულოს აპარატში.
ეს გადაწყვეტილება ნამდვილად საბოლოოა და არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი მორიგი და ერთი რიგგარეშე სხდომის მოწვევა დასჭირდა.
საკმაოდ დაძაბული იყო რიგგარეშე სხდომა, სადაც უკვე წინა სხდომაზე დამტკიცებული საშტატო ნუსხაში ცვლილებები უნდა შეეტანათ. ცვლილების მიზეზი კი ის გახდა რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო მოსამსახურეთა რაოდენობის განსაზღვრის არსებული წესით შტატების რაოდენობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში 48-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
გამგეობამ საკრებულოს წინა საშტატო ნუსხისგან სრულიად განსხვავებული ახალი განრიგი წარუდგინა დასამტკიცებლად, თუმცა ზღვრულ რაოდენობას 12 შტატით ეს ახალი პროექტიც აჭარბებდა. “ამ ზედმეტ 12 შტატზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებს სთხოვა კენჭი ეყარათ გამგეობის შემოტანილი პროექტისათვის. დამსწრე 17 დეპუტატიდან 10-ის მხარდაჭერით რიგგარეშე სხდომამ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.
რიგგარეშე სხდომაზე გამგეობის იურიდიულმა სამსახურმა დასამტკიცებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტი შემოიტანა. “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები დგინდება კანონით ან მის საფუძველზე. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება შემოიღოს დაწესებულების ხელმძღვანელმა, თუმცა, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, მოხელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნორმატიული აქტების მიღების უფლების მქონე შესაბამისი დაწესებულების ნორმატიული აქტით.
იურიდიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანამდებობის ტიპისა და რანგის მიხედვით ისე იყო შედგენილი, რომ რაც უფრო მაღალი იყო რანგი მით მეტი მოთხოვნები ჰქონდა კონკურსანტს წაყენებული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კანონმდებლობით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს კონკურსი და ატესტაცია არ ეხებათ, ამიტომ დიდი არჩევანი თანამდებობრივი რანგისა კონკურსში მონაწილეს არც აქვს.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს, რადგან ჩათვალა რომ მოხელის კვალიფიკაციის დასადგენად მინიმალური სტანდარტიც სრულიად საკმარისი იყო და საბოლოო სახით, საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ასე განისაზღვრა: გამგეობის და საკრებულოს საჯარო მოხელის თაანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საკანონმდებლო და ნირმატიული აქტების მინიმალური ცოდნა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ რიგგარეშე სხდომაზე დააანონსა, რომ შესაძლებელი იყო, საშტატო ნუსხა ისევ შეცვლილიყო, თუ პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის შესახებ შეტანილ კანონპროექტს დაამტკიცებდა. პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რამაც ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს საშუალება მისცა, საშტატო ნუსხა რამდენიმე ერთეულით გაეზარდათ.
5 დეკემბრის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბოლოოდ განისაზღვრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხა, რომელიც ასე გამოიყურება: მუნიციპალიტეტის გამგეობა 72 შტატი: გამგებელი, გამგებლის 1 მოადგილე, გამგებლის ორი მოადგილე, გამგეობის ადმინისტრაციის სამსახური: სამსახურის უფროსი, ოთხი განყოფილების უფროსი, რვა გამგებლის წარმომადგენელი, 5 მთავარი სპეციალისტი, 3 სპეციალისტი; გამგეობის იურიდიული სამსახური: სამსახურის უფროსი, 1 განყოფილების უფროსი, 1 მთავარი სპეციალისტი, 1 სპეციალისტი; შიდა აუდიტის სამსახური: სამსახურის უფროსი, 2 განყოფილების უფროსი, 1 სპეციალისტი; გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური: 3 განყოფილების უფროსი, 4 მთავარი სპეციალისტი, 1 სპეციალისტი; ეკონომიკური განვითარების სამსახური: სამსახურის უფროსი, 4 განყოფილების უფრსი, 5 მთავარი სპეციალისტი, 2 სპეციალისტი; გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური: სამსახურის უფროსი, 3 განყოფილების უფროსი, 4 მთავარი სპეციალისტი, 1 სპეციალისტი. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური: სამსახურის უფროსი, 2 განყოფილების უფროსი, 2 მთავარი სპეციალისტი; სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახური: სამსახურის უფროსი, სამი მთავარი სპეციალისტი.
საკრებულოს აპარატი: აპარატის უფროსი, 3 მთავარი სპეციალისტი, 5 სპეციალისტი.
საკრებულოს თავმჯდომარემ ერთერთ სხდომაზე იოსელიანის სიტყვების პერიფრაზირება გააკეთა და იხუმრა: “ჯერ დაიცადეთ, ვნახოთ, ვინ გადარჩება და გაზაფხულზე ერთად გადავიღოთ სურათი“… ჩვენც დაველოდოთ მუნიციპალიტეტის ”გაზაფხულს“. იმედი მაქვს, გადაღებულ სურათზე სახეების ამოცნობას მხრების აჩეჩვის გარეშე შევძლებთ !
χ χ χ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განისაზღვრა კონკურსის ჩატარების დრო, დამტკიცდა ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია და ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების გრაფიკი.
დადგინდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის პირველი ეტაპის-ტესტირებისათვის მინიმალური გამსვლელი ზღვარი 51%, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 31 სწორი პასუხი.
ატესტაციისა და კონკურსის პირველი ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 25 დეკემბერი, მეორე ეტაპის – გასაუბრებისა – 27 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე. ატესტაციას ექვემდებარება გამგეობისა და საკრებულოს 38 თანამშრომელი. 29 მოხელის ადგილზე გამოცხადდა კონკურსი, მათ შორის, 8 გამგებლის წარმომადგენლისა რცხმელურის, ხოფურის, დაბა ლენტეხის, ხელედის, ჩოლურის,ჟახუნდრის, ჩიხარეშისა და ცანის ადმინისტრაციულ ერთეულებში; გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის განყოფილების უფროსის, შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსის, შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის, მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსის, შესყიდვების განყოფილების უფროსის, შესყიდვების განყოფილების სპეციალისტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსის, განათლების, კულტურისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიული კეთილმოწყობის განყოფილების უფროსის, მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილების უფროსის, მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსის, სოფლის მეურნეობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და უნებართვო საქმეთა კონტროლის განყოფილების უფროსის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და უნებართვო საქმეთა კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე.