საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტების სტარტაპ იდეა „AI IA“ ბარსელონაში გამართულ HackUPC ჰაკათონში საუკეთესო 50 პროექტს შორის მოხვდა.
ჰაკათონი უკვე მე-10 წელია იმართება და წელს 30 ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და ევროპის ქვეყნებიდან 750 სტუდენტისგან დაკომპლექტებული 250 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა მიიღო. გუნდის წევრებმა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, ცოტნე ბერიშვილმა, გუგა გოგუამ და გიორგი კირაკოსიანმა შეიმუშავეს აპლიკაცია „AI IA“, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და თითოეულ ინდივიდზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტების მიერ შექმნილი აპლიკაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირი შეძლებს ინდივიდუალურად განავითაროს საკუთარი ცოდნა და ცნობიერება მისთვის საინტერესო საკითხის ირგვლივ.
გუნდის თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული პროექტის მომზადებაში და როცა გიორგი კირაკოსიანი პროექტის მომავალ გეგმაზე გვესაუბრებოდა გვითხრა, რომ „ჩვენი გუნდის მიზანია ამ აპლიკაციის ინტეგრირება მოხდეს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც, რომ მათ გაუმარტივდეთ სასწავლო გარემო და უკეთ შეძლონ თავიანთ ცოდნაზე დააშენონ ახალი ცოდნა“.
ნიკა ბოჭორიშვილის თქმით, „ჰაკათონი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, განსაკუთრებით კი ასეთი დონის ჰაკათონი, როგორიც HackUPC. გარდა გამოცდილების მიღებისა, ჩვენმა გუნდმა შეძლო საინტერესო და აუცილებელი კონტაქტების მოძიება გლობალური ტექნოლოგიების სფეროში”.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების იდეამ მოწონება დაიმსახურა ისეთი გლობალური ტექ ორგანიზაციებისგან, როგორიცაა GitHub, InterSystems, Bluetab, TravelPerk.