“ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი

30 ივნისიდან 9 ივლისამდე მესტიაში ალპინისტების შეკრება მოეწყო. მასში ლენტეხელი  მიხეილ ლიპარტელიანი და გიორგი მუსელიანიც მონაწილეობდნენ, რომელთაც რეკომენდაცია ცნობილმა მთამსვლელმა და მეკლდეურმა გურამ გაზდელიანმა გაუწია.

ექსპედიციის მონაწილეებმა გაიარეს მოსამზადებელი სწავლება, დაიპყრეს მწვერვალები და აიმაღლეს კვალიფიკაცია. ექსპედიციას ცნობილი მთამსვლელი აფი გიგანი ხელმძღვანელობდა, ხოლო ინსტრუქტორი – მიშა გოშთელიანი იყო.
ალპინისტებმა  3 ივლისს დალაშქრეს 3600 მეტრიანი მწვერვალი “ბურევესტნიკი” 2B სირთულის მარშრუტით, ხოლო 5 ივლისს – 3700 მეტრიანი მწვერვალი – “ოქროს ჩარდახი” 3-იანი სირთულის მარშრუტით. ექსპედიციის წევრებს მესამე – “ვახუშტის მწვერვალის დალაშქვრაც ჰქონდათ გეგმაში,  მაგრამ უამინდობის გამო ვერ განახორციელეს.

 

13717961_1062085967192646_860525931_o

ლენტეხელი მიხეილ ლიპარტელიანი პირველ სერიოზულ ნაბიჯებზე შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

– სიტყვები არ მყოფნის და ვერც გადმოვცემ იმ შთაბეჭდილებებს, რაც მივიღე ექსპედიციაში ყოფნის დროს.  გავიჩინე ბევრი მეგობარი, დავინახე მათი ერთობა.  მთაში  გავიგე, რომ  არ შეიძლება  ფიქრი მარტო საკუთარ თავზე და სიცოცხლეზე, მაშინ როდესაც  ჩაბმული ხარ ერთ თოკში 3700 მეტრ  სიმაღლეზე რამდენიმე ადამიანთან ერთად. იქ იცნობა მეგობარი, იქ  ერთ წამში წყდება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ვლინდება ადამიანის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი შესაძლებლობები და ყოველივე ამის გამო, ენით აუწერელი განცდა გეუფლება. მადლობა უფალს, შევიძინე კარგი და ძლიერი მეგობრები ჩემი ექსპედიციის წევრების სახით. ამიტომ  ვურჩევ ყველას, ვისაც გული ერჩის და ფიზიკურად  შეუძლია  წავიდეს მთაში, გამოსცადოს თავი და, ამავე დროს, ნახოს ჩვენი ულამაზესი ბუნება.

როგორ გაჩნდა ექსპედიციაში წასვლის იდეა?

– ექსპედიციაში წასვლის იდეა ჩემმა მეგობარმა, გურამ გაზდელიანმა მომაწოდა. გურამი გამოცდილი მთამსვლელია. დამიკავშირდა, მითხრა, რომ მიდიოდა ჯგუფი უშგულში, კერძოდ შხარის მიდამოებში, მწვერვალების დასაპყრობად. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. 10 კაციანი ექსპედიცია ქუთისიდან გავემგზავრეთ ზემო სვანეთში. მესტიიდან 9 დღის მანძილზე გვქონდა გასვლები. ავედით მწვერვალებზე – ბურევესნიკსა და ოქროს ჩარდახზე, რომლებიც ზღვის დონიდან 3600 და 3700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ულამაზესი ადგილებია..

ვინ ხელმძღვანელობდა ექსპედიციას?

– ალპინისტ აფი გიგანის ხელმძღვანელობით გავიდა ჯგუფი, მასთან ერთად გამოცდილი ალბინისტი – მიშა გოშხელიანიც იყო.

რა განცდა დაგეუფლათ მთაზე ყოფნისას?

– განცდა არის ენით აუწერელი… ვიარეთ ნაპრალებში, კლდეებზე ვცოცავდით, იყო ისეთი ქარაფები, კილომეტრიანი გადასავარდნი ადგილები, თუ გული არ გაიმაგრე, ვერ გაივლი, თითქოს სიზმარში ხარ, თითქოს გეჩვენება ეს ყველაფერი…

პირველად დალაშქრე მწვერვალი?

– ეს პირველი სერიოზული და დიდი გასვლა იყო. ისე, ადრე პატარა მწვერვალზე ვყოფილვარ, მყინვარწვერის დასაპყრობადაც ვიყავი, მაგრამ მაშინ ამინდმა არ გაგვიმართლა. ჩემი ექსპედიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ გამეგო ჩემი შესაძლებლობები, გამომეცადა თავი. მთაში სიარული სპორტის ისეთი სახეობაა, რომელიც ფიზიკურად და სულიერად  სუსტ და მოუმზადებელ ადამიანს არ შეუძლია. უამრავი ლამაზი ადგილი გვაქვს საქართველოში. ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…

13706169_1062087400525836_221753809_n13734800_1062086053859304_136313200_n  13692407_1062085703859339_1421132059_o13711646_1062085623859347_262916131_o   13735199_1062085387192704_259920777_n

ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.