8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისათვის მოხდა ლენტეხის, მესტიის, ამბროლაურის, ონის და ცაგერის საარჩევნო ოლქების გაერთიანება ერთ საარჩევნო ოლქში. შედეგად საქართველოს პარლამენტში ამ ხუთი მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენელი იქნება ერთი მაჟორიტარი დეპუტატი.
საპარლამენტო არჩევნებისთვის საბოლოოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 საარჩევნო სუბიექტი დაარეგისტრირა, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში წამოყენებული ჰყავს მხოლოდ 10 მათგანს:
№ 1 საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის”- როსტომ ცხვედიანი (89-ეა პარტიულ სიაში);
№ 2 ‘’პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა (‘’თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად“) – ნესტან გუგუშვილი (მეექვსეა პარტიულ სიაში);
№ 5 საარჩევნო ბლოკი ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ოთარ სირაძე (52-ეა პარტიულ სიაში);
№ 8 საარჩევნო ბლოკი ‘’დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – ემზარ კვიციანი (მეექვსეა პარტიულ სიაში);
№ 10 ’’შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – ამირანი მახარობლიძე (62-ეა პარტიულ სიაში);
№ 14 ‘’დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“ – ნუგზარ ხიდეშელი (32-ეა პარტიულ სიაში);
№ 19 საარჩევნო ბლოკი “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ – მერაბ არჩვაძე (44-ე პარტიულ სიაში);
№ 26 ‘’ეროვნული ფორუმი’’ – მარინე გოშაძე (54-ეა პარტიულ სიაში);
№ 27 ‘’ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ – გურამ ნაკანი (52-ეა პარტიულ სიაში);
№ 41 “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – გოჩა ენუქიძე (111-ეა პარტიულ სიაში).
ამ კანდიდატებიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან ფართომასშტაბიანი შეხვედრები ჯერჯერობით მხოლოდ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს და საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” კანდიდატებმა – გოჩა ენუქიძემ და როსტომ ცხვედიანმა გამართეს. გოჩა ენუქიძე ჯერ დაბა ლენტეხის კულტურის სახლში შეხვდა ამომრჩევლებს პირველ სექტემბერს, შემდეგ ლაშხეთის და ლენტეხის თემების სოფლებშიც იმყოფებოდა რამდენჯერმე. როსტომ ცხვედიანი პაატა ბურჭულაძესთან ერთად 21 სექტემბერს შეხვდა მოსახლეობას დაბა ლენტეხის კულტურის სახლში.
საარჩევნო ბლოკის ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატმა ოთარ სირაძემ სხვა სტრატეგია არჩია: ერთ დღეს დაბა ლენტეხში ამოვიდა და გზადაგზა სოფლებში (რცხმელური, ყვედრეში, მაზაში) მოსახლეობას თავიანთი სახლების ჭიშკრებთან ხვდებოდა, აწვდიდა საარჩევნო ბუკლეტებს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა, იგივენაირად მოინახულა მან ქვემო სვანეთის უფრო მაღალმთიანი, ლაშხეთის სოფლების ნაწილი.
ემზარ კვიციანი ქალაქ ცაგერში მაქსიმობის დღესასწაულს დაესწრო 26 აგვისტოს, ასევე ქვემო სვანეთის ჩოლურის თემში იმყოფებოდა მარიამობის დღესასწაულზე 28 აგვისტოს, ბუნებრივია, დღესასწაულებზე ამომრჩევლებთან ოფიციალური შეხვედრები არ გაუმართავს. ის ცაგერისა და ლენტეხის ამომრჩეველს 10 სექტემბერს შეხვდა ქალაქ ცაგერში.
მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენ კანდიდატებს ქვემო სვანეთში, ჯერჯერობით, ამომრჩევლებთან შეხვედრები არ გაუმართავთ.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენად იყო მოსახლეობა ინფორმირებული არჩევნებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ და ამისათვის მცირე სატელეფონო გამოკითხვა ჩავატარეთ. ბუნებრივია, ამ გამოკითხვას არ აქვს პრეტენზია სრულად ასახოს მთელი ქვემო სვანეთის ამომრჩეველთა გათვიცნობიერებულობა არჩევნებთან დაკავშირებით. სულ 10 ამომრჩეველი იქნა გამოკითხული, 3 ქალბატონი და 7 მამაკაცი.
გამოკითხულთაგან ყველამ გაიხსენა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს კანდიდატის გვარი, მხოლოდ ნახევარმა – შეძლო სამი კანდიდატის გვარის დასახელება, დანარჩენი კანდიდატების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.
გამოკითხულთაგან ყველამ იცოდა სახელისუფლებო კანდიდატის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ, თუმცა დასწრებით ამ შეხვედრას მხოლოდ 30% დაესწრო. სხვა კანდიდატის შეხვედრების შესახებ მხოლოდ 20%-მა იცოდა.
გამოკითხულებმა არ იცოდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში ქალი კანდიდატების მონაწილეობის შესახებ, თუმცა ყველამ ერთხმად აღნიშნა ქალების მონაწილეობის აუცილებლობა.
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი.