20 სექტემბერს დაბა ლენტეხის ცენტრში უჩვეულო სანახაობის მოწმენი გავხდით. ლენტეხს ესტუმრენ მოზარდები, რომელთაც მოაწყვეს ფლეშმობი – “შენი ხმა ჩვენი მომავალია” კამპანიის ფარგლებში.
ეს კამპანია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და მისი მიზანია ის, რომ ყველამ გაიაზროს არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობა. ასეთი აქციები გაიმართა საქართველოს ცხრა რეგიონში : ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.
როგორც svanetiinfo.ge-თან საუბარში ფლეშმობის მონაწილეებმა განაცხადეს, კამპანიის მიზანია 2016 წლის 8 ოქტომბერს ამომრჩეველთა გააქტიურება. “არანაირი პარტიიდან არა ვართ…, ჩვენ უნდა ჩავატაროთ აქცია თუ რატომ უნდა მივიდეს ამომრჩეველი არჩევნებზე ….შენ წყვეტ თუ ვინ იქნება მმართველი ძალა ,… არჩევნები ყველაფერს ვერ შეცვლის, მაგრამ მის გარეშე არაფერი შეიცვლება.” – ასე მიმართავდნენ რაიონის მაცხოვრებლებს ახალგაზრდები. მათ წარმოადგინეს “წითელქუდა” საარჩევნო თემაზე, დაარიგეს მაისურები და ბუკლეტები. ახალგაზრდები შეხვდნენ ამომრჩევლებს, უბრალო მოქალაქეებს და აუხსნეს მათ არჩევნების მნიშვნელობა. მათ არ გაუწევიათ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის აგიტაცია, არწმუნებდნენ ახალგაზრდებს და უფროსებს, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლის აქტიურობა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაპირობაა.
მხიარული მუსიკით და ცეკვით ახალგაზრდებმა გაახალისეს დაბა ლენტეხის ცენტრი
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.