17-19 ოქტომბერს ქვემო სვანეთის ახალგაზრდა ძიუდოისტებს 3 დღიანი მასტერკლასი ჩაუტარა ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანმა.
svanetiinfo.ge გაესაუბრა ვარლამის წარმომადგენელს ოლეგ ლიპარტელიანს, რომელმაც განაცხადა:
“- ვარლამს დიდი სურვილი ჰქონდა ქვემო სვანეთის ახალგაზრდა ძიუდოისტებისათვის ჩაეტარებინა მასტერკლასი, მან ამ სამი დღის განმავლობაში – ლენტეხის სასპორტო სკოლის დარბაზში უჩვენა უმაღლესი დონის საჩვენებელი ვარჯიშები. ეს გაკვეთილები აუცილებლად წაადგებათ ძიუდოისტებს, ვალერი ლენტეხელია, თან დიდ წარმატებებს მიაღწია, ჯერჯერობით სვანეთიდან ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტია, იმედია ეს ბავშვები უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. სახელოვანი, საუკეთესო სპორტსმენების მიერ მასტერკლასების ჩატარება მსოფლიოში აპრობირებულია და ვარლამს ხშირად იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მასტერკლასებზე, ამისთვის საკმაოდ დიდ ანაზღაურებასაც იხდიან. ვარლამი მისაბაძი ძიუდოისტია, ბავშვებიც მონდომებითა და სიხარულით ივლიან დარბაზში, უფრო გულმოდგინედ ივარჯიშებენ. ამ დღეებში მათმა რიცხვმა გაცილებით მოიმატა, ვარლამი შეჰპირდა მათ, რომ ისევ ჩამოვა და ისევ ჩაუტარებს მასტერკლასებს. ამ სამი დღის განმავლობაში, რაც შესაძლებელი იყო, ვარლამი ჭიდაობის ყველა კომპონენტს შეეხო, როგორც “დგომში”, ასევე “დაბლაჭიდში”.
– ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან თუ გაქვთ რაიმე ყურადღება ?
– (იღიმის) ჯერჯერობით არავისგან, სამწუხაროდ. ვარლამი ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს, არავინ არავის არაფერს ავალდებულებს, უბრალოდ ვარლამმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, წელს ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, საქართველოს ყველა კუთხიდან მაღალი თანამდებობის პირები: პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ულოცავდნენ გამარჯვებას და შეხვედრებს უწყობდნენ, ლენტეხიდან კი მას არავინ შეხმიანებია. იმედია მომავლისთვის ყველაფერი გამოსწორდება…”
როგორც კი ხალხში გავრცელდა ინფორმაცია ვარლამის მასტერკლასებთან დაკავშირებით სასპორტო სკოლების გაერთიანების ლენტეხის სპორტულ დარბაზში სოფ. ხელედის ძიუდოს სექციის ძიუდოსტებიც გამოცხადდნენ და ყველა ვარჯიშს დაესწრენ (მწვრთნელი პაატა აფაქიძე). ვისაც შეეძლო უფრო შორეული სოფლებიდანაც მოჰყავდათ ბავშვები.
გულის ამაჩუყებელი იყო ვალერის გამომშვიდობება ლენტეხელ ძიუდოისტებთან: – “…ვარჯიში არ გააცდინოთ, არ დაგეზაროთ. დარბაზში სიარული, მიუხედავად სიცივისა არ გააცდინოთ მეცადინეობა! მე ისევ ჩამოვალ და ჩემს ცოდნას გაგიზიარებთ…”
ვარლამის მასტერკლასის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა ვთხოვეთ სასპორტო სკოლების გაერთიანების (დირექტორი ზაქრო ხვისტანი) მწვრთნელს ლადო მუსელიანს:
ვარლამ ლიპარტელიანმა მასტერკლასი ჩაატარა სპორტულ დარბაზში, რომელშიც არ არსებობს წყალი, სარემონტოა ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები და სპორტსმენები დარბაზშივე იცვლიან ტანისამოსს, არ არსებობს გათბობა და ზამთარში შეშის ღუმელს დგამენ, რომ ოდნავ მაინც გაათბონ საკმაოდ დიდი მოცულობის დარბაზი, ამჟამად დარბაზს ელექტრო ენერგიაც არ მიეწოდება.
მთლიან ეკრანზე იხილეთ აქ
მთლიან ეკრანზე იხილეთ აქ
მთლიან ეკრანზე იხილეთ აქ
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი