თბილისში მდებარე რესტორანი “ბარბარესთან” – კონკურსში “ბიზნეს დაჯილდოება” ნომინაციაში “წლის ტურისტული ბიზნესი” – ფინალისტი გახდა. ამ რესტორნის მეპატრონე კი არის ლენტეხის კოლორიტის, სვანეთში ყველასათვის საყვარელი ადამიანის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ჭიდაობა სამბოში, აწ გარდაცვლილი ანზორ ქურასბედიანის ვაჟი – ზვიად ქურასბედიანი.
მას ჰყავს უმშვენიერესი მეუღლე მაკა ჯიბუტი და ათი შვილი. რესტორანი მათი ოჯახური ბიზნესია. რესტორნის მფლობელები ცდილობენ აღადგინონ და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შეაყვარონ ძველი ქართული სამზარეულო და ხარისხიანი მომსახურებით მყუდრო ოჯახური გარემო შეუქმნან სტუმრებს.
“აღმოვაჩინოთ მივიწყებული ქართული სამზარეულო, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი კულინარიის განვითარებისთვის. კერძები იქმნება ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის რეცეპტების წიგნის “სრული სამზარეულოს” მიხედვით” – ამბობს რეტორნისა და დიდი ოჯახის ქალბატონი მაკა ჯიბუტი.
svanetiinfo.ge გაესაუბრა რესტორნის დამფუძნებელს ზვიად ქურასბედიანს:
–ბატონო ზვიად გილოცავთ თქვენ და თქვენს ოჯახს ფინალში გასვლას.
–დიდი მადლობა.
– სვანური კერძები თუ გაქვთ თქვენი რესტორნის მენიუში?
– სვანური გვაქვს კუბდარი, სვანური სულგუნი, ახლა დავამატებთ კალმახის კუბდარს.
– ლენტეხში ცხოვრებას ხომ არ აპირებთ?
– სისხლით და ხორცით ლენტეხელი ვარ და არ მინდა იქაურობის მიტოვება. მინდა ჩამოვიდე და დავასრულო ჩემი მამაპაპისეული სახლის შეკეთება.
კონკურსის გამრჯვებულები ნოემბერში გამოვლინდებიან. წარმატება ვუსურვოთ ზვიადის მრავალშვილიან ოჯახს.
ნანი ბენდელიანი