ლენტეხელმა პოეტმა ირმა ქურასბედიანმა გაახარა მკითხველები და ახალი, რიგით მეათე წიგნი შესთავაზა, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია წინა გამოცემებისაგან.
svanetiinfo.ge ამ სიახლესთან დაკავშირებით სვან პოეტს გაესაუბრა. – ჩემი ახალი წიგნის გამოსვლამდე დაიბეჭდა შექსპირის თარგმანები. ახალი, მეათე გამოცემა – “ლექსები და თარგმანები” მოიცავს როგორც ჩემს ახალ ლექსებს, სატრფიალო ლირიკას, რჩეულ პოეზიას, ასევე შექსპირის ყველა სონეტსა და ჰამლეტის მონოლოგს. ანუ, ეს წიგნი უფრო სრულყოფილია და დაიბეჭდა თბილისში. პირველად მოხდა ისიც, რომ ქუთაისის მერიის და კულტურის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით შევძელი მისი დაბეჭდვა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.
წიგნი გამოვიდა სწორედ ისეთი, როგორიც მინდოდა. მქონდა მცდელობა იმისა, რომ რაღაც სიახალე შემეთავაზებინა მკითხველისთვის. თეატრალური განათლება მაქვს, ძალიან მიყვარს შექსპირი, მისი პიესები, რომლებიც საოცრად აქტუალურია ყველგან და განსაკუთრებით საქართველოში, სონეტები კიდევ უფრო მეტად მიყვარს. ამიტომ წარმოვადგინე განახლებული, გაქართულებული ვარიანტი, ქალის თვალით დანახული შექსპირი. ვთარგმნე 154 სონეტი და ჰამლეტის მონოლოგი. თარგმანების რედაქტორობა იკისრა ბატონმა გოგი დოლიძემ. ასევე მიხარია, რომ ჩემი წიგნის რედაქტორი არის ერეკლე საღლიანი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ჩემი მიწა-წყლის ღირსეული შვილი, ალალმართალი, გემოვნებიანი ლექსების ავტორი და ერისკაცი, ჩემთვის უერთგულესი შემფასებელი.
შეიძლება ბევრს გაუჩნდეს შეკითხვა, თუ როგორ გავბედე შექსპირის თარგმნა იმ დიდი მთარგმნელების შემდეგ, როგორიც თაბუკაშვილი, გაჩეჩილაძე, ყიასაშვილია. რამდენიმე ქალსაც აქვს ნათარგმნი და ამ კუთხით სიახლე არ არის, მაგრამ ყველა სონეტი და ჰამლეტის მონოლოგი ერთად არსად მინახავს. ძალიან კარგად მივიღებ ყველა იმ ჯანსაღ შენიშვნას, ვისაც არ მოეწონება და თავის აზრს გამოთქვამს.
– რას უსურვებდით ახალგაზრდობას, თქვენს მკითხველს და საერთოდ ყველას?
– ვუსურვებ ყველას, ეცხოვროთ სიყვარულით და სიკეთის კეთებით, მოზარდებს ვუსურვებ, არ დაკარგონ მომავლის იმედი, რაც მთავარია, ჰქონდეთ ღირსება. სწორედ ამ ღირსების გამო მინდა დავაფუძნო “ღირსების დარბაზი”…
-სამომავლოდ რას გეგმავთ?
– სვანი პოეტების შემოქმედებაზე გამიკეთებია პოეზიის საღამოები, უახლოეს მომავალში ვაპირებ ტარიელ ჩარქსელიანის პოეზიის საღამოს მოწყობას. გამოცემული მაქვს კრებული “რიჰა”- ქართველი პოეტები სვანეთს”, სადაც სვანეთზე ნათქვამი თითქმის ყველა ლექსი მაქვს თავმოყრილი. ამჟამად ვმუშაობ ახალ წიგნზე “სვანეთის საამაყო შვილები”, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ სვანის შესახებ, თუ ვინმეს რამე გაუკეთებია სიტყვით, საქმით, ან მცირედით მაინც სვანეთისათვის.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი