30 ნოემბერს საღამოს დაიწყო და თითქმის გადაუღებლად თოვს დაბა ლენტეხსა და უფრო მაღლა მდებარე სოფლებში. სოფელ სასაშში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. დაზიანდა დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა.
1 დეკემბერს საერთოდ შეუწყდა ელეტროენერგია ლაშხეთის ზოგიერთ და ჩოლურის თემის ყველა სოფელს. 2 დეკემბერს გამოირთო ლენტეხის ოთხივე და ლაშხეთის სამივე ფიდერი. მალევე მოხერხდა დაბა ლენტეხში 1 ფიდერის ჩართვა და დაბის ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. როგორც კომპანია “ენერგოპრო ჯორჯიას” თანამშრომელმა არაოფიციალურად გვითხრა, ამ დროისთვის ლაშხეთში ელექტროენერგია მიეწოდება მხოლოდ ჟახუნდერს, მებეცს, ლეკონსანდს და ჩუკულს. ლენტეხში არ მიეწოდება ელ. ენერგია მდ. ხელედურის ხეობის სოფლებს, ასევე მთელ ჩოლურის თემს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება ელ. ენერგიის სრულად მიწოდება.
ცოტნე მუსელიანი, სოფ.სასაში