“იცხოვრებდი სვანეთში მუდმივად?..”

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტები არიან სოფიო მეგრელიძე და ბექა გელოვანი, ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც სვანეთში მუდმივად დასახლების სურვილი აქვთ… დიდი მიგრაციის პირობებში სვანეთზე შეყვარებული ახალგაზრდა წყვილის ისტორია იმდენად საინტერესოა, ჩავთვალეთ, რომ მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა მათი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. ბექა და სოფიო 6 თვის წინ შეუღლდნენ და სვანეთში დამკვიდრების მსურველებს, ამ კუთხის განვითარების დიდი იმედები და თავისებური ხედვაც აქვთ.


– სოფიო, როდის ეწვიეთ სვანეთს პირველად?
-ჩემი პირველი სტუმრობა ზემო სვანეთში, სოფელ იფარში 2013 თებერვალში იყო. მომზადებული ვიყავი, რომ მაღალმთიან სოფელში შესაბამისი საცხოვრებელი პირობები არ იქნებოდა, თუმცა მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც დამხვდა. გარდა თბილი მასპინძლობისა, პირობებიც “საჩემო” იყო…
მეორედ რომ ჩამოვედი, 2015 წლის თებერვალს, თვეზე მეტი დავყავი მესტიაში, ელიას დედათა მონასტერში, გალობას ვასწავლიდი. მაშინ მოხდა ჩემი დაახლოება სვანეთთან იმ დონეზე, რომ ვფიქრობდი, ამაზე უკეთესი ადგილი არსად არ არის მეთქი…
– და ისე შეგიყვარდათ აქაურობა, რომ ცხოვრების მეგზურადაც სვანი ადამიანი აირჩიეთ?
– დიახ… რაც შეეხება ბექას, თბილისში გავიცანი ჩემი უახლოესი მეგობრისგან, რომელიც ასევე სვანია. ბექას ყოველთვის აქ ყოფნა ურჩევნია, თუმცა თვითონაც თბილისშია გაზრდილი. განსაკუთრებით დავახლოვდით ჩემი მესტიაში ყოფნის პერიოდში და მახსოვს, ერთხელ მკითხა – “იცხოვრებდი სვანეთში მუდმივად?” მაშინ ვუპასუხე – კი-მეთქი, თუმცა ბოლომდე არ მქონდა გააზრებული აქ ცხოვრების სირთულე…
-ბექა, თქვენ როგორ ხედავთ სვანეთში დასახლების პერსპექტივას?
-განვითარებას ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ტურიზმის შემოდინებით, თანდათან აიწევს ცხოვრების დონე სვანეთში და პერსპექტივა დიდია, რათქმაუნდა.
– სოფიო, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, სვანეთის ტურისტული პოტენციალის შესახებაც გვესაუბრეთ…
– ჩემმა საქმემ კიდევ უფრო შემაყვარა საქართველო. აღფრთოვანებას ვერ მალავენ ჩვენი ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისას ადამიანები, რომელთაც ბევრი უმოგზაურიათ სხვა ქვეყნებშიც. გამორჩეულია სვანეთი, რადგან მრავალმხრივ საინტერესო რეგიონია, გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული თვალსაზრისით. მყინვარები, ტბები, ტაძრების მოხატულობა, მუზეუმი. სვანეთი, ფაქტობრივად, საქართველოს განძთსაცავია. ტურისტული მიზიდულობა აქტუალურია საფეხმავლო, კულტურული, სამთო-სათხლამურო და საკურორტო თვალსაზრისით. ამ მხრივ აქ განვითარება დაწყებულია და ვიმედოვნებ, იქნება როგორც ტურისტული ნაკადების ზრდა, ასევე პირობების გაუმჯობესება და ყველას მოუნდება დაბრუნება საცხოვრებლად.
– ბექა, რა პრობლემებს გამოყოფდით და აღნიშნავდით ზემო სვანეთის რეგიონში?
-პირველ რიგში გამოვყოფდი ახალგაზრდების გადინებას ქალაქში. სოფლის საქმე ბევრს არ უყვარს და ქალაქისკენ მიილტვიან. დასაქმება რომ იყოს რეგიონში, სხვაგვარად იქნება. ზოგადად, ტურიზმის შემოდინებამ ბევრი შეაკავა სვანეთში და იმედია, რომ კიდევ მრავალი დაბრუნდება.
– სოფიო, როგორ გესახებათ სვანეთში პირობების გაუმჯობესება?
– ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. თითოეულმა მოსახლემ უნდა მოინდომოს, მუნიციპალიტეტმა კი განახორციელოს. არ დავწვრილმანდები საკითხებზე, რომელიც წყალმომარაგებას, გზების გაწმენდას ეხება. ვისურვებდი სოფლის საქმე აგრო-ბიზნეს კუთხით განვითარდეს და არა მხოლოდ ნატურალურ მეურნეობას დავჯერდეთ. ვფიქრობ, სვანეთს აქვს ეს პოტენციალი. ბუნება ხელს უწყობს მეურნეობას, ტურიზმს და ზოგადად, კარგ ცხოვრებას, ხარისხიან, ჯანსაღ საცხოვრებელ პირობებს.
ვიმედოვნებ, ავისრულებთ ჩვენს ოცნებას და დავსახლდებით სვანეთში მუდმუვად.
– დიდი მადლობა ბექა, სოფიო და გისურვებთ წარმატებებს!

მადონა წერედიანი, მესტია