2 ივლისს ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. ხატები აქ 1 კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს საშუალება ექნება მოილოცოს ისინი.
პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აღნიშნული ხატები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლიან. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, ქალაქ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხატები დააბრძანეს 25 ივნისს და ერთი კვირის განმავლობაში ტარდებოდა ყოველდღიური წირვა-ლოცვები.
ასევე მოხდება ლენტეხშიც, ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ერთი კვირის განმავლობაში, დილის 10 საათზე ჩატარდება წირვა. წირვის შემდეგ სასულიერო პირების მიერ კულტურის სახლში გაიმართება ამ ხატების ისტორიის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. მრევლს შესაძლებლობა აქვს ნახოს ეს ფილმი და სასულიერო პირებისგან მოისმინოს განმარტებები ამ ხატებთან დაკავშირებით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური უზრუნველყოფით, ქვემო სვანეთის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურებათ ტრანსპორტი დაბა ლენტეხში ჩამოსასვლელად და ხატების მოსალოცად.
ტრანსპორტი სოფლებში მაცხოვრებელ მრევლს მოემსახურება შემდეგი გრაფიკით:
ორშაბათი, 3 ივლისი – რცხმელური, ყვედრეში, ხოფური, მაზაში;
სამშაბათი, 4 ივლისი – ლესემა, ბაბილი და ყარიში;
ოთხშაბათი, 5 ივლისი – ბავარი, ხელედი და წანაში;
ხუთშაბათი, 6 ივლისი – თეკალი, ჭველიერი, ფანაგა, საყდარი;
პარასკევი, 7 ივლისი – მელე, ჩიხარეში, შკედი, ნაცული;
შაბათი, 8 ივლისი – სასაში, ჟახუნდერი, ლეკოსანდი, მებეცი, ლუჯი;
კვირა, 9 ივლისი – ფაყი, კახურა, მელურა, ხელედი, ყარიში, სასაში, ჭველიერი, საყდარი.
9 ივლისს, კვირას შუადღის შემდეგ კი ხატებს ვერტმფრენის მეშვეობით გადააბრძანებენ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში, დაბა მესტიაში.
ფოტოზე: სასულიერო პირები და მრევლი აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან წმ. გიორგის ტაძარში 2.07.2017წ.
ფოტოზე: ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი წმ. გიორგის ტაძარში 2.07.2017წ.
ფოტოზე: ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე წმ. გიორგის ტაძარში 2.07.2017წ.
მირანგულა მუკბანიანი, დაბა ლენტეხი.