ილია…

ილია გირგვლიანი, ეს სახელი და გვარი  svanetiinfo.ge-ს მკითხველისათვის ცნობილია, ერთ-ერთ ნიუსში ვითხოვდით ილია გირგვლიანის დახმარებას, ანგარიშის ნომერიც გამოვაქვეყნეთ. ილიას ელექტრო ეტლი სჭირდებოდა, ეს მისი ოცნება იყო, რათა დამოუკიდებლად შესძლებოდა გარე  სამყაროსთან ურთიერთობა, ილიას ეს ოცნება ჩვენი სოფლის, ლატალის მოძღვარმა მამა ეგნატემ აუსრულა – ელექტრო ეტლი შეუძინა, როგორი გახარებული იყო… მადლობა უფალს უსიხარულო ილია ერთი სიხარულით მაინც წავიდა ამ ქვეყნიდან.

დიახ, წავიდა… ილია გარდაიცვალა. რამდენჯერმე მოასწრო ახალი ელექტრო-ეტლით გასეირნება, გაზაფხულის პირველი დღეების სითბოთი დატკბა და წავიდა…

ჩვენ კი ალბათ რამდენმა ვინანეთ ერთი ლარი მაინც რომ ჩაგვერიცხა მითითებული ანგარიშის ნომერზე, ამითაც რა ბედნიერი იქნებოდა, იგრძნობდა ადამიანების ადამიანობას.

დიახ, ჩვენ შანსი გავუშვით ხელიდან, ალბათ გვინდა გავაჩეროთ წამი, უკან დავაბრუნოთ დრო, რომ ილიას მცირედი სიკეთე მაინც გავუკეთოთ. არა, დროს ვერ დავიბრუნებთ უკან, ილია წავიდა და მასთან დაკავშირებული ბევრი იდეა გაიყოლა თან… თუმცა ილიას მსგავსად სხვადასხვა საჭიროებების მქონენი ძალიან ბევრი არიან ჩვენს ირგვლივ, ცხოვრება კი წუთია…

ილიას ჰყავს პატარა ძმა, ნიკოლოზი, ისიც კუნთოვანი დისტროფიით არის დაავადებული, ჯერ მხოლოდ პირველ კლასშია და ხელში აყვანილი დაჰყავთ სკოლაში, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.  გთხოვთ, დავეხმაროთ ნიკოლოზს რათა არ გაიზიაროს ილიას ბედი. ჩვენ კიდევ გვაქვს სიკეთის გაკეთების შანსი.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა შემოიტანოთ იგივე ანგარიშზე: GE44LB0711199218030000 , მიმღები ნანა გუჯეჯიანი.

მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი