ზემო სვანეთში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ნაკრის და ჭუბერის გუნდებმა იმარჯვეს

(ფოტოზე: ნაკრის სკოლის გუნდი)
27-მარტს მესტიის რაიონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანეთს ფრენბურთში შეხვდნენ.  ისევე როგორც შარშან, მესტიის რაიონის ჩემპიონი გახდა სოფ. ნაკრის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი, ხოლო ვაჟთა გუნდებს შორის ანალოგიურ გამარჯვებას მიაღწია სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდმა.

შარშან ნაკრის გოგონათა გუნდმა რაიონულ შეჯიბრებაზე გამარჯვების შემდეგ მესტიის რაიონის სახელით ზუგდიდში რეგიონულ შეჯიბრებაზე იასპარეზა, სადაც 9 სკოლის გუნდს დამაჯერებლად მოუგო. შემდეგ გოგონებმა დასავლეთ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატშიც გაიმარჯვეს და ფინალურ შეჯიბრებაზე დაიკავეს საპატიო მეორე ადგილი. წელს იგივე გუნდი მოტივირებულია გახდეს საქართველოს ჩემპიონი საჯარო სკოლებს  შორის.
ჩვენ კი მათ წარმატებებს ვუსურვებთ.

მადონა წერედიანი, დაბა მესტია.