27 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ხორნაბუჯში გაიმართა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ნახევარფინალური შეხვედრა უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ლენჯერის N1 საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი” შეხვდა ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდს. შეხვედრა გუნდი “კიდობანი”-ს სასარგებლოდ დამთავრდა (ანგარიშით 18-16).
ჩვენ ვწერდით, რომ მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი “ოსანა”-ც გავიდა ფინალში, მხოლოდ უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში (იხილეთ აქ).
ასევე ფინალში გავიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი ” – უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.
კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” საქართველოს ასეულობით სკოლის გუნდი მონაწილეობს, ფინალში თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში მხოლოდ ოთხი გუნდი გადადის. სვანეთს კი მთლიანობაში სამი ფინალისტი გუნდი ჰყავს.
ამ კონკურსს მრავალი დადებითი მხარე გააჩნია. გარდა იმისა, რომ მომავალი თაობისთვის ბიბლიის შესწავლა (თანაც ამ დროში, როცა სხვადასხვა მედია საშუალებებით ასე მძვინვარებს უზნეობა) მეტად მნიშვნელოვანია, ისინი აგრეთვე ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, მათ ტრადიციებს, კულტურას
და აღფრთოვანებულები ბრუნდებიან შინ.
ლენჯერელი კონკურსანტები, გარდა გამარჯვებისა, ხორნაბუჯელების სტუმართმოყვარეობითაც აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში გაიხსენეს, პირველი დახვედრა სკოლის დირექტორის ოჯახში გამართულა, მეორე დღეს გამარჯვებული გუნდი მასპინძლებს ხორნაბუჯის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ვაშლოვანის ნაკრძალში წაუყვანიათ. შთაბეჭდილებებით სავსე სტუმრები ბოლოს საზეიმო ტრაპეზითაც გამოუცილებიათ.
გუნდი “კიდობანის” წევრები განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებენ მათ ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში გაიმართა.
ჩვენთან საუბარში, გუნდის ხელმძღვანელმა ეკატერინე ფილფანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ლენჯერის საჯარო სკოლის დირექტორის ლალი ხაფთანის და პედკოლექტივის მიმართ, ფინანსური და მორალური მხარდაჭერისათვის. პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, გუნდს ყველგან ახლდათ გულშემატკივარი ამავე სკოლის მოსწავლე თეკლე შუკვანი, რომელიც გუნდის მხარდასაჭერად ასრულებდა მუსიკალურ ნომრებს. თეკლეს მიერ ფანდურზე შესრულებულმა სოლო სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეკატერინე ფილფანი დიდ მადლობას უცხადებს ასევე გუნდის კაპიტნის მშობლებს ოთიკო შუკვანს და ელისო გულედანს, რომელნიც გუნდს ახლდნენ შეხვედრებზე და განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ყველა წევრის მიმართ.
გუნდი “კიდობანი”-ს ხელმძღვანელი ეკატერინე ფილფანი გახლავთ დეკანოზ ბასილ ფილფანის და, ხოლო მეორე ფინალისტი გუნდის “ოსანა”-ს ხელმძღვანელი მაგდალინა გოგოლაძე გახლავთ დეკანოზ ბასილის მეუღლე, თვითონ მამა ბასილი სოფელ ლენჯერის მოძღვარი და ასევე მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორია.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ამ მადლმოსილ ოჯახს, რომელიც ასე ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდაზე, წარმატებები ვუსურვოთ .
ფოტოზე მარცხნიდან: თეკლე შუკვანი – გულშემატკივარი, გუნდი “კიდობანი ” – ს წევრები – ნინო, ლევან, სოფიო ფილფანები, ნინო ჯაჯვანი, მარიამ მერლანი, ანა შუკვანი, ეკატერინე ფილფანი – ხელმძღვანელი, ელისო გულედანი – პედაგოგი, ქრისტინე შუკვანი – გუნდის კაპიტანი.
მადონა წერედიანი, სოფ. ლატალი.