ზემო სვანეთში კონკურსი  “ნორჩი მათემატიკოსი“ ჩატარდა

17   ივნისს მესტიაში ჩატარდა კონკურსის ნორჩი მათემატიკოსის დასკვნითი, III ტური.  მასში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომელთაც შემოდგომაზე და გაზაფხულზე ჩატარებული  II ტური წარმატებით გადალახეს. ასეთი სულ 100 მონაწილე იყო. III ტურშიც იგივე  პირობა იყო, რაც წინა ტურებში: წარამატებულად  ჩაითვალა  ყველა,  ვინც  60%-იანი   ზღვარი გადალახა.

პროექტი  “ნორჩი მათემატიკოსი“,  იელის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, ამავდროულად სოფლის  მღვდელმსახურის მამა არჩილ  ბურჯანაძისა და  მისი  მეუღლის  იფარის  საჯარო  სკოლის მათემატიკის მასწავლებლის  ანა  აბესაძის  მიერ დაიგეგმა ( ისინი  სვანეთში  „ასწავლე  საქართველოსათვის“  პროგრამით  გაანაწილეს).

პროექტის  მიზანი არის:

  • მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაზრდა – მოტივაციის ამაღლება.
  • განსაკუთრებულად ნიჭიერი  მოსწავლეების  გამოვლენა ადრეულ ასაკშივე და   მათი  წახალისება- დაჯილდოება.

პროექტის  მხარდამჭერი  ფინანსურ   და  ორგანიზაციულ საკითხებში არის  მესტიის  წმინდა  ილარიონ  ქართველის  სახელობის  მართმადიდებლური სკოლა-გიმნაზია (დირექტორი  დეკანოზი  ბასილ  ფილფანი).

2016 წლის 4 ივნისს   მესტიაში, აღნიშნულ სკოლა-გიმნაზიაში  ჩატარდა  პირველი  ტური, შემოდგომაზე კი I   ტური ისევ განმეორებით  ჩატარდა:

ორგანიზატორები  შემოდგომაზე ყველა  სკოლაში ელექტრონულად გააგზავნეს  თითოეული  კლასისათვის  საგნის  სტანდარტის გათვალისწინებით   შედგენილი  ამოცანები. I, II და  III კლასებისთვის 15-15 ამოცანა იყო.  ხოლო   IV-დან   IX კლასის ჩათვლით 20-20. კონკურსში მონაწილეობის  მსურველმა  სკოლებმა  უზრუნველყვეს  ყველა კლასში  ობიექტურად  ტესტირების  ჩატარება  და გამოავლინეს  წარმატებული  მოსწავლეები. პირობა ასეთი იყო :

  • მიცემული დავალებების მინიმუმ 60%-ის სწორად ამოხსნის შემთხვევაში მონაწილე გადადის II  ტურში.

ხოლო ის  მოსწავლეები,  რომელთაც  ვერ შეძლეს საჭირო  ქულების დაგროვება, დარჩნენ  ისევ  იმავე  ტურის  მონაწილეებად და მონაწილეობა მიიღეს დამატებით  I  ტურში, რომელიც  ჩატარდა  გაზაფხულზე . 

II  ტურშიც 60% -იანი  ზღვარი იყო.  ვინც  გადალახა ეს  ზღვარი   გადავიდა  მესამე  ტურში.  ვინც  ვერ შეძლო ზღვარის  გადალახვა,  ისევ  დარჩა იმავე  ტურის მონაწილედ, რომელიც ასევე  გაზაფხულზე (განმეორებითი  I ტურის შემდეგ)  გაიმართა.

პროექტის  მთავარ  ღირსებად ორგანიზატორებს  მიაჩნიათ ის, რომ:

  • მოსწავლეები ერთმანეთს  არ ეჯიბრებოდნენ
  • კონკურსი ჩატარდა  მესტიაში
  • მონაწილეთა რაოდენობა  არ იყო  შეზღუდული

პროექტის ერთერთმა ავტორმა ანა აბესაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა:

“კონკურსის სხვადასხვა ტურის  მსვლელობისას  ჩვენ  ანონიმურად ვიღებდით  შენიშვნებს,  რეკომენდაციებს,  მადლობებსა  და პრეტენზიებსაც.  მსურველები  წერდნენ  სპეციალურად მომზადებულ  ფუცლლებზე  თავიანთ აზრს  და  აგდებდნენ  ყუთში,  რომელიც  მოთავსებული  იყო  კედელზე  ყველასათვის  მისაწვდომ  და  თვალსაჩინო  ადგილზე. პროექტის   მიზანი მიღწეულია,  რადგან  გაღრმავდა  მათემატიკისადმი   ინტერესი  მოსწავლეებში. გამოვავლინეთ მათემატური ნიჭით  დაჯილდოებული   ბავშვები  და  წავახალისეთ  ისინი  დიპლომებით.

მონაწილეები  აღნიშნავდნენ,  რომ  მათ  დამატებითი  სტიმული  მიეცათ. მშობლები  წერილობითაც  და პირად  საუბრებშიც  ამბობდნენ, რომ  მომავალში  მეტ  ყურადღებას დაუთმობენ  მათემატიკას,  მათი აზრით, მათემატიკური ამოცანები ნამდვილად უწყობს ხელს  ლოგიკური აზროვნების  და  მსჯელობა-დასაბუთების უნარების განვითარებას  და მოსწონთ შვილების  აქტიური ჩართვა  მათემატიკურ  კონკურსებში.“

ორგანიზატორები ცდილობდნენ  გულდაწყვეტილი არავინ  გაეშვათ:  III  ტურის   ყველა  მონაწილე  დაჯილდოვდა  დიპლომით.  მათ, ვინც  60% -იანი  ზღვარი გადალახა, მიიღეს   დიპლომი  “მიღწეული  წარმატებისათვის“  და  მიენიჭათ “ნორჩი მათემატიკოსის“  წოდება, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს კი გადაეცათ დიპლომები   “აქტიური  მონაწილეობისათვის“.

ორგანიზატორები  დიდ  მადლობას  უხდიან  ყველა  პირს,  ვინც დაეხმარათ  სხვადასხვა  პრობლემის  გადაჭრაში,  მესტიის  სკოლა-გიმნაზიის  დირექტორს  და  მასწავლებლებს, მონაწილე ბავშვებს  და მათ მშობლებს  თანამშრომლობისათვის,   განსაკუთრებით კი მესტიის N2 საჯარო  სკოლის  დირექტორს ქალბატონ  ნატო გვარლიანს, III  ტურის  საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარებაში გაწეული  თანადგომისათვის.

„ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია  გამორჩეული  ნიჭით  დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა, მათი მხარდაჭერა  და  წახალისება,  ამის მთავარ  ინსტრუმენტად  სასკოლო ოლიმპიადებს  განიხილავენ. საქართველოშიც, განათლებისა  და მეცნიერების  სამინისტრო  დიდ  ყურადღებას  უთმობს ოლიმპიადებს და შესაბამისად საზოგადოების  ინტერსიც  გაიზარდა კონკურსებისა და ოლიმპიადებისადმი.

სხვადასხვა  სირთულის  გამო  ოლიმპიადები  IX კლასიდან იწყება, მხოლოდ მათემატიკისა იწყება  VII კლასიდან. ეჭვგარეშეა, რომ  განსაკუთრებული ნიჭის  დროული  გამოვლენა მნიშვნელოვნია მომავალი წარმატების მისაღწევად  კონკრეტულ  სფეროში. ბავშვს, სკოლას და მშობელს ეძლევა მეტი დრო, ყურადღება  მიაქციონ  აღმოჩენილ  ტალანტს, იზრუნონ მის განვითარებაზე  და ფართო  ასპარეზი მიეცეს   ნიჭიერებას.

გამომდინარე  აქედან,  უაღრესად  მნიშვნელოვნად  მიგვაჩნია  თუნდაც  ადგილობრივი მასშტაბის  კონკურსები,  რომლებიც მეცადინეობის  დამატებით მოტივაციას გაუჩენს  მოსწავლეებს,  გაააქტიურებს  მშობელს და კიდევ უფრო მობილიზებისაკენ უბიძგებს  მასწავლებლებს. საქართველოში სხვადასხვა ასეთი კონკურსები ტარდება  საკმაოდ  წარმატებით, თუმცა ისინი ბუნებრივია,  ვერ  ითვალისწინებენ  ისეთ  მაღალმთიან  რეგიონებში  მცხოვრებ  მოსწავლეთა ინტერესებს,  როგორიცაა  მაგალითად  სვანეთი. ზემო  სვანეთში ძალიან ნიჭიერი მოსწავლე-ახალგაზდრობა  გვყავს, თუმცა  ბუნებრივი  პირობებისა (ყველასთვის ცნობილია სვანეთის  გზის  სიშორე  და სირთულე)  თუ  სხვა  პრობლემების  გამო ისინი მეტწილად მოკლებული  არიან  სხვადასხვა  აქტივობებში  და  კონკურსებში  მონაწილეობის  სიამოვნებას, ამიტომ  გადავწყვიტეთ  ორგანიზება  გაგვეკეთებინა  ადგილობრივი  მათემატიკური  კონკურსისათვის, რომელშიც მონაწილეობას  მიიღებდნენ მესტიის  მუნიციპალიტეტის  ყველა  სკოლის  მოსწავლეები პირველიდან  მეცხრე  კლასის ჩათვლით“ – ნათქვამია  პროექტის  პრეამბულაში.

received_1317163215067930

received_1317163651734553

received_1317163315067920

received_1317163481734570

მადონა წერედიანი, დაბა მესტია.