22 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის ბოძს ხანგრძლივმა წვიმებმა და ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალეს, რამაც გამოიწვია მისი წაქცევა.
შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ სოფლებს: ტვიბს, თეკალს, ჭველიერს, საყდარს, დურაშს, ბულეშს და მუწდის. ამ ელექტროგადამცემ ბოძს მრავალი წლის მანძილზე მდინარე მუხრა უთხრიდა საძირკველს, რასაც ბუნებრივია მოსახლეობაც ამჩნევდა. გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერს, რომელიც 2016 წელს არის გადაღებული კირიონ მუკბანიანის მიერ:
მოსახლეობამ ამის შესახებ 2016 წელს ენერგეტიკის სამინისტროსაც აცნობა, ენერგეტიკის სამინისტრომ თავის მხრივ კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” ჩააყენა საქმის კურსში, მაგრამ ამაოდ… სპეციალისტები მოსულან, ფოტოები გადაუღიათ და წასულან…
სოფლებს თეკალსა და ტვიბს, 23 ივნისის საღამოს აღუდგათ ელექტროენერგიის მიწოდება. დანარჩენი სოფლებისთვის კი მხოლოდ 26 ივნისს მოხერხდა ელ. ენერგიის მიწოდება. ამ ხნის მანძილზე, ჩოლურის თემში შეფერხებით მუშაობდა კომპანია “მაგთიკომი”-ს მობილური ქსელიც, რადგან ელ. ენერგია ჩოლურში მდებარე ამ კომპანიის კუთვნილ გადამცემ ანტენასაც არ მიეწოდებოდა.
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი.